ახალი ამბები

ზაფხულიდან მეტადონის პროგრამა ბენეფიციარებისთვის უფასო გახდება

15 მარტი, 2017 • 6570
ზაფხულიდან მეტადონის პროგრამა ბენეფიციარებისთვის უფასო გახდება

“ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” გენერალური დირექტორის, ლაშა კილაძის განცხადებით, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას სახელმწიფო ქვეკონტაქტორის (სამედიცინო ცენტრ “ურანტის”) გარეშე განახორციელებს, ხოლო ზაფხულიდან პროგრამა ბენეფიციარებისთვის უფასო გახდება.

ლაშა კილაძის განცხადებით, ამიერიდან ფსიქიკური ჯანრმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას საკუთარი რესურსებით სრულად უზრუნველყოფს.

“ამ დროისთვის, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, თბილისის მასშტაბით მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 7, ხოლო რეგიონებში (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი,ზუგდიდი, ქობულეთი,ბათუმი და ზესტაფონი) სულ 9 განყოფილება ფუნქციონირებს. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ინტეგრირებულ განყოფილებებს გახსნის. ბენეფიციარები ადგილზე კონსულტირებით, სარეაბილიტაციო და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებით ისარგებლებენ,” – აცხადებს კილაძე.

ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ზაფხულიდან მეტადონის პროგრამა ბენეფიციარებისთვის უფასო გახდება. როგორც ლაშა კილაძე ამბობს, ამის საშუალებას ცენტრს ქვეკონტრაქტორის არარსებობის შემთხვევაში გამოთავისუფლებული თანხები მისცემს:

“ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების კომპონენტის ფარგლებში მომსახურებისთვის ვაუჩერის ღირებულება 215 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის, პაციენტის მხრიდან თვის განმავლობაში თანაგადახდა 110 ლარს შეადგენს. თანაგადახდა არ ეხებათ აივინფიცირებულებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალია.”

კილაძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.

“16 მარტიდან ბენეფიციარები, რომლებიც სერვისს „ურანტის“ კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე განყოფილებაში იღებდნენ, უნდა მივიდნენ რევაზ ლაღიძის 8 ნომერში , რუსთაველზე ოპერის უკან , ხოლო ურანტის ვაზისუბანის განყოფილების ბენეფიციარები სერვის მიიღებენ ვაზისუბანში მიტროფონე ლაღიძის 6/7 ა -ში გახსნილ ახალ განყოფილებაში, ნუცუბიძის განყოფილების ბენეფიციარები მათ ვთავაზობთ ქავთარაძის 21 ა-ში მდებარე განყოფილებას. საჭიროა მხოლოდ ფორმა-100 და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,” – ამბობს კილაძე.

პარალელურად, სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელებმა, ზურაბ სიხარულიძემ და ზაზა შენგელიამ მთავრობის კანცელარიასთან უვადო შიმშილობა დაიწყეს; ეს სამედიცინო დაწესებულება მეტადონის პროგრამის ქვეკონტრაქტორი იყო. მათ ასევე შეუერთდნენ ცენტრის თანამშრომლები და ბენეფიციარების ნაწილი. ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, კონტრაქტის შეწყვეტის შედეგად, 1200–ზე მეტი პაციენტი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში “ურანტში” მომსახურებას ვეღარ მიიღებს, ხოლო მის ცენტრში დასაქმებული 70–მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება.

სამედიცინო ცენტრ “ურანტს” სოლიდარობა გამოუცხადა “თეთრი ხმაურის მოძრაობამ”, რომელიც ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის დასამკვიდრებლად არსებობის დღიდან მუშაობს “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” წევრ სხვა ორგანიზაციებთან/მოძრაობებთან ერთად.

“მიგვაჩნია, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის რეფორმირების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გვპირდება, სერვისის მიმწოდებელი კლინიკების მიმართ განხორციელებული ნებისმიერი შემზღუდავი ქმედება არის სრულიად მიუღებელი და არასწორი გზა. ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა სწორედ მსგავსი სერვისების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც ლიბერალიზაციის პოლიტიკის გარდამავალი ეტაპის უმნიშვნელოვანესი ნაწილია,” – აცხადებს “თეთრი ხმაურის მოძრაობა”.

გარდა ამისა, როგორც “თეთრი ხმაურის მოძრაობა” აცხადებს, მეტადონის ბენეფიციარებს არაერთხელ გამოუხატავთ კმაყოფილება ზურაბ სიხარულიძის ცენტრის მომსახურებასთან დაკავშირებით: “თეთრი ხმაურის მოძრაობა, ამოდის რა მომხმარებელთა ინტერესებიდან, რომელთა პირდაპირი სურვილია მიიღონ ხარისხიანი და კვალიფიციური დახმარება, მივიჩნევთ, რომ “ურანტის” საქმიანობის შეწყვეტა მხოლოდ დააზარალებს სერვისების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ საერთო სურათს.”

ზურაბ სიხარულიძეს და მის სამედიცინო ცენტს სოლიდარობა გამოუცხადა “გირჩმაც”. ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ზურა სიხარულიძე იყო ის ადამიანი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ღიად და საჯაროდ აფიქსირებდა იმ ხედვების მხარდაჭერას, რომელიც გააჩნია “გირჩს” ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში. მასაც მიაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ.

მეტადონის პროგრამა. ფოტო: Nuklear / creative commons

მეტადონის პროგრამა. ფოტო: Nuklear / creative commons

მასალების გადაბეჭდვის წესი