ახალი ამბები

TI: გასულ წელს მაუწყებელთა შემოსავლებმა იკლო

14 ივნისი, 2016 • 1308
TI: გასულ წელს მაუწყებელთა შემოსავლებმა იკლო

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) მიერ ჩატარებული საქართველოს სარეკლამო ბაზრის კვლევის მიხედვით, 2015 წელს მაუწყებელთა სარეკლამო შემოსავლებმა მნიშნვლოვნად იკლო.

TI-ის მიერ საქართველოს სარეკლამო ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით,   2015 წელს ტელევიზიების მიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები წინა წელთან შედარებით 33%-ით შემცირდა (47.3 მლნ აშშ დოლარიდან 32 მლნ აშშ დოლარამდე). რადიოსადგურების სარეკლამო შემოსავლები კი 4.8 მლნ აშშ დოლარიდან 4.1 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა.

  • TI-ის მონაცემებით, რუსთავი 2-ის შემოსავალი 2014 წელს 25,1 მლნ დოლარი იყო; 2015 წელს კი აღნიშული თანხა 15,7 მილიონამდე შემცირდა;
  • ტელეკომპანია “იმედის” შემთხვევაში, 2014-2015 წლებს შორის პროცენტული სხვაობა 17%-ია, თუმცა იგივე მაჩვენებლები ლარში  2 მილიონითაა მომატებული.
  • მაესტროს სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები 61%-ით შემცირდა;
  • GDS-მა 24%-იანი ვარდნა განიცადა;
  • კავკასიას კი სარეკლამო და სასპონსრორო შემოსავლები 2015 წელს დოლარში 45%-ით შეუმცირდა; ტაბულას – 73%-ით;

ეს კლება, TI-ს უფროსი მკვლევრის, ანა დაბრუნდაშვილის თქმით, რთული ეკონომიკური გარემოთი და ლარის დევალვაციითა განპირობებული. “თუმცა მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს მაუწყებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები (ცვლილებებით შემცირდა 1 საათში დასაშვები რეკლამის წუთობრივი მაქსიმუმი), რომლებიც მოკლე ვადებში ამოქმედდა”, – ამბობს დაბრუნდაშვილი.

კვლევის მიხედვით, დარეგულირდა ტელე და რადიოსივრცეში სარეკლამო პროდუქტის განთავსება, რაც კვლევის ავტორების შეფასებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სავალდებულო გახდა გადაცემებში მითითება, რომ ეს თუ ის პროდუქცია წარმოადგენს რეკლამას. 

დღეს კონფერენციაზე - "საქართველოს სარეკლამო ბაზარი: ცვლილებები და გამოწვევები" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" წარმოადგინა საქართველოს სარეკლამო ბაზრის 2016 წლის კვლევის ანგარიში.

კონფერენციაზე – “საქართველოს სარეკლამო ბაზარი: ცვლილებები და გამოწვევები” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წარმოადგინა საქართველოს სარეკლამო ბაზრის კვლევის ანგარიში. 14.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“როგორც კერძო სექტორის, ისე არასამთავრობო უწყებების მიერ განთავსებულ ფასიანი მასალების შესაბამისი აღნიშვნა ხშირად არ ხდება, განსაკუთრებით -ბეჭვდით და ონლაინ მედიასაშუალებებში”, – ვკითხულობთ კვლევაში. TI-ს შეფასებით, “ეს მნიშნველოვანი პრობლემაა, რომლის აღმოფხვრა თვითრეგულირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის სპეციალისტებისა და მედიაწარმომადგენლების პროფესიული თუ ეთიკური სტანდარტების ამაღლების გზით უნდა მოხდეს.

კვლევის მიხედვით, ამჟამად საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიას ორი კომპანია იკვლევს, რაც, სავარაუდოდ, არ არის საკითხისადმი რაციონალური მიდგომა. ის გარემოება, რომ ამ კომპანიების მიერ მომზადებული რეიტინგები ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება, ბაზარზე, დიდი ალბათობით, გაურკვევლობას გამოიწვევს.

სარეკლამო შემოსავლებით შემცირების ფონზე სახელისუფლებო ორგანოებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალებისათვის დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მედიასაშუალებებს შორის გაფორმებული ზოგიერთი ხელშეკრულება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პრობლემურად მიაჩნია.

კვლევის მიხედვით, “შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პროპაგანდის მიზნით უკანასკნელი თვეების განმავლობაში 1.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა ფიქტიურ კომპანიებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, საგანგებოდ ამ კონტრაქტების გასაფორმებლად შეიქმნა”.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI),  მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დღეს, 14 ივნისს, სარეკლამო ბაზრის კვლევები წარადგინეს. სამივე პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და Usaid-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი