ახალი ამბები

პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის განხილვა კოლეჯების ხელმძღვანელებთან

13 ივნისი, 2016 •
პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის განხილვა კოლეჯების ხელმძღვანელებთან

დღეს, 13 ივნისს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსი და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა განიხილეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ბეზარაშვილის თქმით, “პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა”.

2016 წლის 2 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ბიუჯეტი 2 014 000 (ორი მილიონ თოთხმეტი ათასი) ლარითაა განსაზღვრული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ბეზარაშვილი, და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაია

მარიამ ბეზარაშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში მიღება აგვისტოში გამოცხადდება, სწავლება სექტემბრიდან დაიწყება და სამ თვეს გაგრძელდება: “მომზადება-გადამზადების პროგრამა უფასოა. ჩვენ პროგრამას ვახორციელებთ განათლების სამინისტროსთან ერთად და პროცესში სამი სხვადასხვა მხარეა ჩართული: სოციალური სააგენტო, განათლების სამინისტრო და კოლეჯების ხელმძღვანელობები”, – თქვა მარიამ ბეზარაშვილმა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტუტიტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) 2016 წლის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა (57%) მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია.

“პროგრამის საბოლოო მიზანი დასაქმებაა. პირველ რიგში კი, ადამიანების უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურვა – იმ კომპეტენციებით, რომლებსაც (როგორც კვლევის შედეგად გამოვლინდა) ჩვენი დამსაქმებლები ითხოვენ. შესაბამისად, არის დასახელებული მოთხოვნადი პროფესიები და სწორედ ამ პროფესიებში უნდა მოხდეს გადამზადება”, – განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ.

“თითოეულ დამსაქმებელს კვალიფიციური კადრი სჭირდება. ეს პროგრამა ამ მიზანს ემსახურება – მეტი კვალიფიციური კადრი იყოს საქართველოში”, – დასძენს ჯგერენაია.

დასაქმების დეპარტამენტის თანამშრომლის, თემურ ჯგერენაიას თქმით, გასულ წელს ამავე პროგრამაში მონაწილეობის უფლება 20 წელს გადაცილებულ ადამიანებს ჰქონდათ. “წელს კი პროგრამაში მონაწილეობის უფლება საქართველოს 16 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეძლებათ”, – თქვა თემურ ჯგერენაიამ.

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის თქმით, პროგრამას პრიორიტეტული ჯგუფებიც ჰყავს: “მათ შორის დასახელებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები, როგორც მოსახლეობის ერთ-ერთი დაბალკონკურენტუნარიანი ნაწილი. ასევე არიან ახალგაზრდები, ქალები, დევნილები და ა.შ” – თქვა ელზა ჯგერენაიამ.

მარიამ ბეზარაშვილის თქმით, ახალი პროგრამა 68 პროფესიას მოიცავს:

სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროფესიათა ჩამონათვალი. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ინფორმაცია

დასაქმების დეპარტამენტის თანამშრომლის, თემურ ჯგერენაიას თქმით, სასწავლო ჯგუფებში განისაზღვრება მინიმალური და მაქსიმალური მსმენელის რაოდენობა, რაც ხელშეკრულების დადების პროცესში გვეცოდინება წინასწარ. სწორედ ამის შედეგად გამოცხადდება მიღება ამა თუ იმ პროგრამაზე. მისი თქმით, სააგენტო სწავლების პროცესის მონიტორინგსაც განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი