ახალი ამბები

წულუკიანი: როგორც ჩანს, NGO-ებისა და ენმ-ის პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს დაემთხვა

13 ივნისი, 2016 • 1346
წულუკიანი: როგორც ჩანს, NGO-ებისა და ენმ-ის პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს დაემთხვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციების დამთხვევა ამ საკითხზე ეჭვს უჩენს:

“ნაციონალურმა მოძრაობამ, მისმა დეპუტატებმა და სხვა წევრებმა უკვე მოამზადეს მსგავსი სარჩელი. ჩემთვის სიმბოლურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნაციონალურ მოძრაობის, როგორც ჩანს, პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა. ის კოალიცია, რომელიც სარჩელს ამზადებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შედგება ასევე ძალიან ბევრი კერძო ბიზნესისგან. აქაც მაქვს კითხვა, ვისი სარჩელია ეს. ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესმენების – რეფორმის წინააღმდეგ,” – ამბობს წულუკიანი.

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ  უახლოეს პერიოდში მიღებული ცვლილებების გასაჩივრებას გეგმავს.

3 ივნისს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და 84 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 მაისს ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს. პარლამენტმა გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ის დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი