ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევაში ქართული მხარე ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას მოითხოვს

13 ივნისი, 2016 • 1682
ჟენევაში ქართული მხარე ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას მოითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, 14-15 ივნისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, ქართული მხარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დააყენებს და მოითხოვს ბრალდებული პირის სასწრაფოდ დაკავებასა და გადმოცემას, რათა დამნაშავე წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

“ბრალდებულის დაკავებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს შესაძლო პროვოკაციისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. იმედია, რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმი სოხუმში გააცნობიერებენ ამ პასუხისმგებლობას და ყველა ღონეს მიმართავენ, ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებისა და ქართული მხარისათვის ჩაბარების მიზნით”, – აცხადებს დონდუა.

მისივე განმარტებით, ჟენევის დისკუსიების აღნიშნულ რაუნდზე მწვავედ დადგება საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნების აღმართვის გაგრძელების საკითხიც, რომლის ბოლო შემთხვევაც 6 ივნისს სოფელ ავლევში დაფიქსირდა.

“ხურჩაში მომხდარი მკვლელობა და საოკუპაციო ხაზის გამაგრება სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების საჭიროებას”.

საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებაშივე ნათქვამია, რომ “დღის წესრიგში რჩება საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთგზის აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გადაუდებელი აუცილებლობა. განხილვის მთავარი თემა იქნება ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა. ქართული მხარე მზადაა, კონსტრუქციული მონაწილეობა გააგრძელოს ჟენევის მოლაპარაკებებში და იმედს გამოთქვამს, რომ დანარჩენი მონაწილეებიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებების პროცესს”.

გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხის პრინციპულობაზე რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა. პრემიერის თქმით, “ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ართულებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგს მანამ, სანამ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით უმოქმედობას იჩენენ”.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კანჯიოღლის მიმართ მათაც დაიწყეს გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა). აფხაზეთის პროკურატურის განცხადებით, ისინი თბილისიდან მოელოდნენ მტკიცებულებების წარმოდგენას, რომ მკვლელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმდენად, რამდენადაც დანაშაული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩადენილი. მოგვიანებით, აღნიშნული მასალები, ოფიციალური ინფორმაციით, ქართულმა მხარემ აფხაზურს გალში, IPRM-ის ფარგლებში შეხვედრის დროს გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი