ნეტგაზეთი | სამინისტრო: წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება სამინისტრო: წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება – Netgazeti
RU | GE  

სამინისტრო: წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება

წყნეთი-ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 სამინისტროს ცნობით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 1 წლისთავზე,  წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, რომელიც  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით მიმდინარეობდა, დასრულებულია.

“სტიქიის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის პროექტებზე მუშაობა დაწყებულია.    კვლევის პროცესში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამერიკელი ექსპერტები. მათ გეოლოგიური სამუშაოები ქართველ სპეციალისტებთან ერთად უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს.

აღნიშნული კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს  გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე.

პროქტი ევროპის საინვესტიციო ბანკის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ამავე  პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, დამატებით, თბილისის მერიისგან გადმოცემულ ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს:,,მზიურის“ ტერიტორიაზე მდ. ვერეს ხეობაში მონოლითური რკინაბეტონის კედლის მშენებლობას და მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობების  (ცხაურების) მოწყობას.

ამ დროისთვის მიმდინარეობს სატენდერო დუკომენტაციის შეთანხმება  დონორ ორგანიზაციასთან”, – აცხადებენ სამინისტროში. ზემოხსენებული გზა შარშან, 13 ივნისს მომხდარი სტიქიისას დაზიანდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com