ახალი ამბები

გაქვს თუ არა 60 ათასი ლარი შენი პარტიისთვის?

16 იანვარი, 2012 • 1154
გაქვს თუ არა 60 ათასი ლარი შენი პარტიისთვის?

არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც შეეძლოთ დაფინანსება მიეღოთ ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციებისგან, არამედ თავად ნაციონალური მოძრაობაც შეიძლება მოექცეს ჩიხში ახალი კანონის მიხედვით.

პარტიების დაფინანსების ახალი /მოქმედი წესი

პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა  არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეების თხოვნა, ვეტო დაედო  პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებზე და დეკემბერის ბოლოს  ხელი მოაწერა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილებებს. ახალი კანონი, რომელიც უკვე ძალაშია,  პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების განხორციელების თვალსაზრისით ახალ რეგულაციებს აწესებს.

კერძოდ, იურიდიულ პირებს აეკრძალებათ დაფინანსება, ხოლო ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, 30 ათასის ნაცვლად ამა თუ იმ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირონ. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ლიმიტი წესდება პარტიების საწევრო წლიურ ოდენობაზე -თითოეული წევრისაგან საწევრო შენატანი 1200 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

მმართველ პარტიას არ დაუმალავს, რომ გასული წლის ბოლოს ცვლილებები კანონში ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გამო შეიტანა.

“იურიდიული პირის მეშვეობით ვიღაცას შეუძლია, რომ გვერდი აუაროს კანონის მოთხოვნებს და შემოწირულობა გააკეთოს იმაზე მეტი თანხით, ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული. მაგალითად, ერთ ფიზიკურ პირს შეუძლია დააფუძნოს ბევრი იურიდიული პირი და მაშინ, როდესაც ფიზიკურ პირს შეუძლია 30 ათასის შეწირვა, რამდენი შემოწირულობა გააკეთა ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა. ეს თანხა მილიონ ასი ათასია,” – ეს განაცხადება კუბლაშვილმა გასულ წლის 23 დეკემბერს გააკეთა.

კუპლაშვილი ახსენებს  4 ოპოზიციური პარტიისთვის არა ფიზიკური პირის, არამედ იურიდიული პირების მიერ გადარიცხულ თანხებს.  შემწირველებს შორის ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციებიც იყო.

იმის მიუხედავად, რომ  თანხა ორგანიზაციებმა კანონის მიღებამდე შესწირეს, პოლიტიკურ პარტიები  ვალდებული იყვნენ, თანხა იურიდიული პირებისთვის უკან დაებრუნებინათ, თუ კანონის ძალაში შესვლიდან სამ დღეში არ დახარჯავდნენ.

არასამთავრობო სექტორი და რამდენიმე ასეული მოქალაქე მიიჩნევდა, რომ ეს ანტიკონსტიტუციური იყო და პრეზიდენტს ვეტოს დადებასაც ამიტომ სთხოვდა.

ვისგან ფინანსდებოდნენ პარტიები ახალ კანონამდე?

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ 14 113 411 ლარი დახარჯა. ამ თახნის აბსოლუტური უმრავლესობა იურიდიული პირების შეწირულობაა – ამ წელს ნაცმოძრაობამ  მხოლოდ და მხოლოდ 2 ფიზიკური პირისგან მიიღო 523.00 ლარის შეწირულობა, ისიც არა ფულადი სახით. დანარჩენი თანხა კი მმართველ პარტიას ოთხასზე მეტმა იურიდიულმა პირმა შესწირა.  2010 წელს ის კანონი რომ ყოფილიყო ძალაში, რომელიც ახლა დაამტკიცა პარლამენტმა, ნაცმოძრაობას არ ექნებოდა არც ერთი თეთრი არჩევნების ჩასატარებლად და საერთოდ, ფუნქციონირებისათვის.

ფიზიკური პირები წინა წლებშიც ნაკლებს წირავენ მმართველ პარტიას –  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 2008 წლის საფინანსო დეკლარაციისა და ქონებრივი მდგომარეობის ანგარიშის მიხედვით, (15 იანვრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით) იურიდიული პირების მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” გადარიცხულია 13 460 017ლარი, ხოლო ფიზიკური პირების მხრიდან განხორციელებული შემოწირულობა  693 000 ლარია. 2007 წლის დეკლარაციით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” იურიდიული პირისგან შემოწირულობის სახით მიიღო  8 875 802 ლარი, ხოლო ფიზიკური პირისგან  – 279 597 ლარი.   2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პოლიტიკურმა გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შემოწირულობების სახით მიიღო 3 667 383 ლარი 120 იურიდიული და 23 ფიზიკური პირისგან. ფიზიკურმა პირებმა პარტიას მხოლოდ 92 148 ლარი შესწირეს.

მმართველი პარტიისთვის განხორციელებული შემოწირულობების ფონზე, საკმაოდ მოკრძალებულია ოპოზიციური პარტიებისთვის განხორცილებული შემოწირულობები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2007 წელს “რესპუბლიკური პარტიისთვის” შემოწირულობა მხოლოდ 40–მა ფიზიკურმა პირმა განახორციელა და თანხამ 85 727 ლარი შეადგინა. არც ერთმა იურიდიულმა პირმა არ შესწირა პარტიას თანხა.

2008 წელს “კონსერვატიულმა პარტიამ” 35 ფიზიკური პირისგან მიიღო მხოლოდ 1 663 ლარი, “ქრისტიან–დემოკრატილმა მოძრაობამ” 5 ფიზიკური პირისგან – 58 821 ლარი, “რესპუბლიკურმა პარტიამ” ფიზიკური პირისგან – 650ლარი, “ხალხის პარტიამ” 7 ფიზიკური პირისგან – 14 760 ლარი.

2009 (არასაარჩევნო) წელს კი შემოწირულობები მხოლოდ ორმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო – “საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ”  – 17 345 ლარი და“ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ” – 38 778 ლარი.

2007–2009 წლებში იურიდიული პირებისგან შემოწირულობები მხოლოდ მმართველმა პარტიამ მიიღო.  ოპოციზია აცხადებდა, რომ ბიზნესისთვის უსაფრთხო არ იყო ოპოზიციური პარტიებისთვის თანხების შეწირვა. მათ ასეთი შანსი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ გაუჩნდათ.

რამდენ ფიზიკურ პირს აქვს 60 ათასამდე ლარი თავისი სასურველი პარტიისთვის?

ახალი კანონის მიხედვით,  პარტიების ფინანსური მდგომარეობა მთლიანად მოქალაქეებზე, ფიზიკურ პირებზე  იქნება დამოკიდებული.

თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა იურიდიული პირებისგან დაფინანსება არ ჰქონიათ, ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს ვერ ხედავს:

“ხოლო ნაციონალურ მოძრაობაზე ღელვა, ამ მხრივ, არ არის საჭირო, ვინაიდან უამრავი ხერხი ექნებოდათ მოგონილი, მანამ, სანამ აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ბევრ სიურპრიზს ვნახავთ კიდევ ამასთან დაკავშირებით”.

ხიდაშელი ამბობს, რომ ყველა დაიცავს კანონს, რადგან არ ჰგონია, ვინმეს სურვილი ჰქონდეს, რაიმე პრობლემებში აღმოჩნდეს.  მას  ეჭვი არ ეპარება, რომ “ხელისუფლება ამ მხრივ პრობლემებს შექმნის, მათ შორის დაპატიმრების ჩათვლით”.

“ჩვენ მთლიანად გავყვებით კანონის მოთხოვნებს.  გარწმუნებთ, ძალიან ბევრი შასაძლებლობა არსებობს ამ კანონის პირობებშიც კი.  იმედია, ფიზიკურ პირების მიერ შემოწირულობასაც არ აკრძალავენ. საქართველოში ყოველთვის გამოინახებიან ადამიანები, რომლებიც  მზად იქნებიან, ამ ტიპის კამპანია დააფინანსონ, როდესაც საქმე მათი ქვეყნის ყოფნა– არყოფნას ეხება”.

ნინო ლომჯარია, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე, ამბობს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებებისას სხვამდნენ კითხვას, ხომ არ გამოიწვევდა ეს ფულის უკანონო დინებებს შემოწირულობის სახით?

ლომჯარია ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არასოდეს მოუთხოვია ცვლილება, რომ იურიდიულ პირებს თანხის შეწირვა შეზღუდვოდათ. “ვითხოვდით მხოლოდ ლიმიტების დაწესებას, რომ შედარებით თანაბარი ყოფილიყვნენ პარტიები რესურსების ხარჯვაში”.

ახლა კი პარტიების რესურსები, კანონის მიხედვით, იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის უფრო ბევრი მდიდარი მხარდამჭერი ყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი