ახალი ამბები

შსს: პაატა ბურჭულაძის ოფისის კუთვნილი ლეპტოპის ქურდობაში ბრალდებული დაკავებულია

9 ივნისი, 2016 • 1264
შსს: პაატა ბურჭულაძის ოფისის კუთვნილი ლეპტოპის ქურდობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარტია „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისათვის“ ოფისში მომხდარ ლეპტოპის ქურდობაში ბრალდებული 29 წლის ლაშა ა. დააკავეს.

“დაკავებული, რომელიც პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ სააგიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, პარტიის კუთვნილ ლეპტოპს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

როგორც 8 ივნისს ნეტგაზეთს ბურჭულაძის ოფისში განუცხადეს, დაკარგული იყო პარტიის ადმინისტრატორის ლეპტოპი, რომელშიც მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

პარტიის წევრის, მერაბ მეტრეველის თქმით, ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ ოფისიდან მხოლოდ ერთი ლეპტოპი დაიკარგა.

“შეიძლება ეს ერთი ბანალური ქურდობის ფაქტია. შეთქმულების თეორიებს არ ვაგებთ, თუმცა ის ფაქტი ეჭვს აჩენს, რომ ოფისიდან მხოლოდ ერთი ნივთი დაიკრგა, ისიც ლეპტოპი, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება. ამ ლეპტოპიდან პარტიის სახელით იგზავნებოდა ინფორმაცია,” – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი