ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესს:
“გადაწყვეტილების მიღების პროცესი ვიზის ლიბერალიზიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს მოითხოვს დისკუსიებს სხვადასხვა დონეზე. ევროკავშირი არის რთული დემოკრატიული ინსტიტუცია. პარლამენტიც, რომელსაც ჰყავს ალბათ 5-ჯერ უფრო მეტი წევრი, ვიდრე საქართველოს. ვიტყოდი, რომ რასაც ვაკეთებთ, არის კლასიკური დაკანონების პროცედურა და მივყვებით ამ პროცედურას. რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები, რომლებიც ამ პროცესში გამოიკვეთება.
გულახდილად რომ ვთქვა, როგორც უკვე აღვნიშნე, მე არ ვიცი, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა ვიცი, რომ ევროკავშირის ინსტიტუციამ, რომელსაც მე წარმოვადგენ, წარადგინა დასკვნა, რომ საქართველომ შეასრულა დავალება და ახლა დევს მაგიდაზე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ,” – განაცხადა ჰერმანმა.
ელჩის განცხადებით, ევროკომისიის მიერ გაკეთებული პოზიტიური დასკვნის შემდეგ ამჟამად საუბარი მხოლოდ გადაწყეტილების მიღების თარიღზეა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 10 ივნისს ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმის შემუშავებამდე მხარს არ უჭერენ საფრანგეთი, გერმანია და იტალია.