ახალი ამბები

პუტინის საარჩევნო ვებ–გვერდი

12 იანვარი, 2012 • 1418
პუტინის საარჩევნო ვებ–გვერდი

“თუკი მე რაიმეს ვიწყებ, ვცდილობ, საქმე მივიყვანო ან ლოგიკურ დასასრულამდე, ან– როგორც მინიმუმ – მაქსიმალურ ეფექტამდე”, – ვლადიმერ პუტინის ამ ციტატით იხსნება მისი, როგორც რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ოფიციალური ვებ–გვერდი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

ვებ–გვერდზე გამოქვენებულია პუტინის ბიოგრაფია, სამუშაო გამოცდილება, ინტერესები, მნიშვნელოვანი მოვლენები, საარჩევნო პროგრამა, ხალხის აზრი და სხვა.

პუტინის, როგორც რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, პროგრამა 6 წელიწადზეა გაწერილი და 6 მთავარი პუნქტისგან შედგება. პირველ პუნქტში პუტინი მიმოიხილავს ბოლო ათწლეულის შედეგებსა და არსებულ გამოწვევებს:

“ერთად ჩვენ დავამარცხეთ სეპარატიზმი. რუსეთმა ამ წლების მანძილზე გადაჭრა ვალების პრობლემები, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობის სახით წარმოიქმნა 1990–ან წლებში,” – წერს პუტინი.

რუსეთის მთავარ გამოწვევად პრემიერ–მინისტრი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს.

“რუსეთი გარდაიქმნება ქვეყნად, რომელშიც კომფორტული იქნება ცხოვრება და მუშაობა, შვილებისა და შვილიშვილების გაზრდა; ქვეყნად, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება თავისი ოცნების რეალიზება,” – წერს პუტინი.

პროგრამის მეორე პუნქტში ვლადიმერ პუტინი ღირებულებებზე საუბრობს და მთავარ ღირებულებად ასახელებს სულიერებასა და რუსი ხალხის ერთობას. მისივე თქმით, საკვანძო ღირებულებას წარმოადგენს ორიენტაცია ადამიანის განვითარებაზე, ხოლო რუსეთის მომავალს პუტინი რუსეთის რეგიონებში ხედავს.

“ღირსეული ცხოვრება დიადი ქვეყნის მოქალაქეებს” – ასეა დასათაურებული პუტინის საარჩევნო პროგრამის მესამე ქვეთავი, სადაც ის ამომრჩევლებს პირდება ღირსეულ ხელფასებსა და პენსიებს, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ახალ თანამედროვე სკოლებს, სრულფასოვან საარსებო პირობებს – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს– ოჯახების მხარდაჭერის პროგრამების ამოქმედებას და კომუნალური საკითხების მოგვარებას.

პროგრამის მეოთხე თავში, სახელწოდებით – “ძლიერი ეკონომიკა –  ძლიერი რუსეთი”, პუტინი საუბრობს ეკონომიკის მოდერნიზაციაზე, ინვესტიციების ზრდაზე, სამართლიან და ეფექტურ საგადასახადო პოლიტიკაზე, ინოვაციებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამებსა და გზების მშენებლობაზე.

“ეფექტური ხელისუფლება ხალხის კონტროლის ქვეშაა” – ასე ასათაურებს რუსეთის პრემიერი საარჩევნო პროგრამის მეხუთე ნაწილს, რომელშიც პირობას იძლევა, რომ ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მოწყობის საკითხებს, ხელისუფლება კი მხოლოდ ხალხის ნების მსახური იქნება.

პროგრამის დასკვნით ნაწილში – “ძლიერი რუსეთი რთულ მსოფლიოში”– პუტინი საუბრობს რუსეთის წამყვან როლზე მსოფლიოში.

“ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოთ შესაძლო შიდა საფრთხეების მთელ სპექტრთან გამკლავება. ჩვენ უმაღლეს დონეზე ბრძოლისუნარიანი ჯარი და ფლოტი გვჭირდება, პროფესიონალები და მობილურები. ჩვენ განვახორციელებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიღრმისეულ მოდერნიზაციას,” – წერს პუტინი.

პუტინის საარჩევნო ვებ–გვერდზე ინტენსიურად იზრდება ვიზიტორების კომენტარები “ხალხის აზრის” განყოფილებაში, მათ შორის ბლომადაა ისეთი კომენტარები, სადაც ხალხი პუტინს ხელისუფლებიდან წასვლისკენ მოუწოდებს.

პუტინის პრეს–მდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პორტალის შექმნისთვის კანდიდატის საარჩევნო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1,1 მილიონი რუბლი, ვებ–გვერდი კი “რია ნოვოსტის” ჯგუფმა შეიმუშავა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 4 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი