ახალი ამბები

ბუნდესტაგის პრეზიდენტი: საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხი არჩევნებამდე უნდა გადავწყვიტოთ

8 ივნისი, 2016 •
ბუნდესტაგის პრეზიდენტი: საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხი არჩევნებამდე უნდა გადავწყვიტოთ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი ქვეყნის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ნორბერტ ლამერტთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა და ლამერტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„ჩვენ გვაქვს დეკლარირებული ინტერესი იმისა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულება და ეს ჩვენი პოზიციაც არის, რომ საქართველოს უკვე შესრულებული აქვს თავისი ვალდებულებები, უნდა ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილება არჩევნებამდე, ანუ საქართველოში არჩევნები არ ჩატარდეს ისეთ პირობებში, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიად იყოს დარჩენილი. ევროკავშირის შიგნით არსებული პრობლემები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა გადავწყვიტოთ,  მაგრამ აქაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ გადაწყვეტილება ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ, ვიდრე კონკრეტული თარიღი, როდესაც ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც  უფრო ეხება სხვა ქვეყნებთან სავიზო ლიბერალიზაციას და როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციაზე, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც სხვებისთვისაც, მომავალში იქნება გამოსაყენებელი. პარასკევს იქნება ბრიუსელში შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა და  გვაქვს დეკლარირებული მოლოდინი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე იქნება ნაპოვნი კონკრეტული მექანიზმები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვექნება პრინციპული გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც საქართველომ უკვე შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ჩვენ გვექნება უკვე ჩარჩო-პირობები იმისა, თუ რა პირობებში და როგორ უნდა განხორციელდეს სავიზო ლიბერალიზაცია“,- განაცხადა ნორბერტ ლამერტმა.

10 ივნისს საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. ლამერტი იმედოვნებს, რომ მსჯელობის შედეგად ნაპოვნი იქნება კონკრეტული მექანიზმები ვიზის ლიბერალიზაციის განხორციელების პირობების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი