ახალი ამბები | ,

რუსთავის სასამართლომ კათოლიკე ეკლესიის სარჩელი დააკმაყოფილა

8 ივნისი, 2016 | | 1352
რუსთავის სასამართლომ კათოლიკე ეკლესიის სარჩელი დააკმაყოფილა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის“ სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ეკლესიის მშენებლობისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისგან სანებართვო  მოწმობის გაცემას მოითხოვდა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება 2016 წლის 6 ივნისს მიიღო. საქმეზე კათოლიკური ეკლესიის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა.

 

EMC-ის ცნობით, რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემის განხილვის პროცესს აქტიურად აპროტესტებდნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი, სასულიერო პირები და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.

მოსარჩელე მხარე უთითებდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხრიდან კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაუცემლობა მართლმადიდებელი მრევლის ნაწილის პროტესტით და ამ მოქალაქეების მიმართ რუსთავის მერიის ლოიალობით იყო განპირობებული, რაც კათოლიკურ ეკლესიის მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას იწვევდა.

მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის დავალებასთან ერთად ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული დისკრიმინაციის დადგენასა და ამ ქმედების შედეგის აღმოფხვრას მოითხოვდა.

EMC აცხადებს, რომ დისკრიმინაციის საქმეების არასათანადო წესით განხილვის გამო მოსარჩელე მხარე იძულებული გახდა უარი ეთქვა მოთხოვნის ამ ნაწილზე, რომელშიც დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და უფლების აღდგენას ითვალისწინებდა, რადგან სასამართლომ ერთიანი დავის ფარგლებში ხელოვნურად გაყო ადმინისტრაციული  და დისკრიმინაციის დავა, რამაც საქმის განხილვის გაჭიანურების რისკები შექმნა.

მშენებლობის სანებართვო მოწმობის დროული გაცემის მიმართ კათოლიკე ეკლესიის მაღალი ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს მოუწია უარი ეთქვა მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენაზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლოების მხრიდან დისკრიმინაციის საქმეების ამ წესით განხილვა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომელიც არსებითად აზიანებს მსგავსი საქმეების დროულ, ეფექტურ და სამართლიან განხილვას, აცხადებს EMC.

კათოლიკე ეკლესიამ რუსთავის სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბერს მიმართა. EMC-ის ცნობით, 2013 წლის 16 აპრილიდან „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“ ცდილობდა რუსთავში, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის მოპოვებას.

ამ პერიოდის განმავლობაში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო კათოლიკე მრევლს რელიგიური რიტუალების განხორციელება საცხოვრებელ სახლში უწევდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი