ახალი ამბები

“საქართველო კრიმინალური ქვეყანა არ არის” – გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების ღია წერილი

7 ივნისი, 2016 • 3031
“საქართველო კრიმინალური ქვეყანა არ არის” – გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების ღია წერილი

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა საქართველოდან ადგილობრივ მედიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიტიკურ პარტიებს ღია წერილით მიმართეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ამოქმედების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც გერმანულ პრესაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ნეტგაზეთს გერმანიაში მცხოვრებმა სტუდენტმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, ისინი ცდილობენ რეაგირებას იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე გაზეთში გამოქვეყნდა. ამ ცნობების მიხედვით, გერმანიის შესაბამისი უწყებები ამ ეტაპზე თავს იკავებენ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მხარდაჭერაზე “ქართველი კრიმინალების” რაოდენობის ზრდის საფრთხის გამო:

“ეს ხდება მაშინ, როცა საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც 2012 წლის ივნისიდან ძირითად დიალოგს წარმოადგენდა ევროკავშირს და საქართველოს შორის. გერმანია კი ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა და იმპლემენტაციამდე მცირე ხნით ადრე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაბლოკვაზე საუბარი იმის გამო, რომ ქართული კრიმინალის დონე გაიზარდა, ევროპაში საკითხის ინსტრუმენტალიზებად მიგვაჩნია. გარდა ამისა, თავად გერმანული მონაცემებით, ვგულისხმობთ ფედერალურ კრიმინალურ სამსახურს, ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი არ არის იმ განზომილების, რომ ეს ქვეყნისთვის რეალურად დამაბრკოლებელი მიზეზი გახდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ვთვლით რა, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და გვსურს კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან, რომელმაც დაიწყო აღმოსავლეთ პარტიორობის პროგრამა, თავად ევროკავშირის ღირებულებების ღალატად მიგვაჩნია საქართველოს დაბლოკვის მცდელობა, რომელსაც ადგილი აქვს გერმანულ პრესაში”, – ამბობს სარჯველაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

მისი თქმით, წერილი რამდენიმე გერმანულ გამოცემას გაუგზავნეს, მათ შორის შპიგელს, დი ველტს და ბილდს. წერილი გამოაქვეყნა Huffington post-ის გერმანულმა გამოცემამ.

გერმანული გამოცემა Die Welt სტატიას აქვეყნებს საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ გერმანიაში ამ საკითხისადმი წინააღმდეგობა იზრდება, რადგან ფედერალურ მთავრობას არ სურს გერმანიაში ორგანიზებული კრიმინალის ზრდა.

სტატიის ავტორი ციტირებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც ბუნდესტაგში ისაუბრა იმის შესახებ, რომ უცხოეთიდან შემოსული კრიმინალური დაჯგუფებები მონაწილეობენ ბინების და მოქალაქეების ძარცვასა და ქურდობაში და ამ მხრივ, მინისტრის განცხადებით, ბოლო დროს განსაკუთრებული პრობლემები შექმნეს ქართველმა კრიმინალებმა და ამან გამოიწვია ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის მიმართ წინააღმდეგობა.

ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს სხდომა 9-10 ივნისს უნდა გაიმართოს, რომელმაც უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხს.

თუ 9-10 ივნისს ევროკავშირის მინისტრთა საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე თავის დადებით პოზიციას დააფიქსირებს ივნისის ბოლომდე, ანუ ევროპარლამენტარების შვებულებამდე უნდა მოესწროს LIBE-ს კომიტეტის მინიმუმ ერთი სხდომა, რადგან უცნობია, მოხსენება და კენჭისყრა ერთსა და იმავე სხდომაზე გაიმართება თუ არა. ასევე რჩება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატების უმრავლესობამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას უნდა დაუჭიროს მხარი.

ამის შემდეგ გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ამ ეტაპების დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი