ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

7 ივნისი, 2016 • 1609
იურიდიულმა კომიტეტმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დღეს, 7 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა “ეროვნული ფორუმის” საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ კაცები 70 წლის ასაკიდან, ხოლო ქალები- 65 წლის ასაკიდან.

კანონპროექტს მხარი ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ვახტანგ ხმალაძემ წინააღმდეგ მისცა ხმა.

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, “სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდნენ მამაკაცები 70 წლის ასაკიდან და ქალები 65 წლის ასაკიდან, თუ მათ ჩადენილი არ აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაული:

 

მუხლი 108  – განზრახ მკვლელობა.

მუხლი 109 – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

მუხლი 116 – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

მუხლი 117  – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

მუხლი 118 –  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მუხლი 131 – შიდსის შეყრა.

მუხლი 137 –  გაუპატიურება.

მუხლი 138 – სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.

მუხლი 141 – გარყვნილი ქმედება.

მუხლი 143 – თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

მუხლი 143 (პრიმა 1) –  ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი).

მუხლი 143 (პრიმა 2) – არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი).

მუხლი 144 – მძევლად ხელში ჩაგდება.

მუხლი 144 (პრიმა 1) – წამება.

მუხლი 144 (პრიმა 3)- დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.

179-ე მუხლი – ყაჩაღობა.

მუხლი 223 (პრიმა 1) – ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა.

224-ე მუხლი – ბანდიტიზმი.

230-ე მუხლი – ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა.

მუხლი 231 (პრიმა 1) – ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ მოთხოვნა.

მუხლი 260 – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

მუხლი 262 – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.

მუხლი 263 – საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.

ასევე, 264-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები, 265-ე მუხლის მესამე ნაწილი,   266-ე მუხლის მეორე ნაწილით, 267-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, 268-ე მუხლის მესამე ნაწილით, 272-ე მუხლის მესამე ნაწილით,

მუხლი 323 – ტერორისტული აქტი.

მუხლი 331 – ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება.

მუხლი 331 (პრიმა 1) – ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა.

332(პრიმა 2), 344-ე, 379-ე, 404-ე და 413-ე მუხლი.”

კანონპროექტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე:

“პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე- როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე- გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, “- აღნიშნულია კანონპროექტში.

ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც შესაბამისი დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

“კანონპროექტი შეეხება დაახლოებით 116 ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას, მათ შორის, 15 პიროვნება  ამჟამად იმყოფება პატიმრობაში, ძებნილია 57, ხოლო პრობაციონერია 44,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამავე განმარტების თანახმად, კანონპროექტის დამტკიცებით საბიუჯეტო სახსრები დაიზოგება, რადგან:

„არსებული სტატისტიკით, ერთი პატიმრის შენახვა სახელმწიფოს წელიწადში უჯდება დაახლოებით 4000 ლარი, შესაბამისად,  15 პატიმრის გათავისუფლების შემთხვევაში გამოთავისუფლებული სახსრები  თვეში დაახლოებით 5000 ლარს შეადგენს, ხოლო წელიწადში კი, დაახლოებით60 000 ლარს“, – წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 11 აპრილს დაარეგისტრირა და მისი ავტორი გუბაზ სანიკიძეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი