ახალი ამბები

მარტინ შულცი: საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი არ უნდა გადაიდოს

7 ივნისი, 2016 • 1319
მარტინ შულცი: საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის  პროცესი არ უნდა გადაიდოს

დღეს, 7 ივნისს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე დაწერა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისათვის საჭირო ყველა კრიტერიუმი შეასრულა.

“ეს პროცესი აღარ უნდა გადაიდოს”, – წერს მარტინ შულცი.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს.

ევროპარლამენტის პრესცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, “საქართველომ დააკმაყოფილა ვიზების ლიბერალიზაციისათვის საჭირო მოთხოვნები, ამიტომაც ის იმსახურებს უვიზო რეჟიმს რაც შეიძლება სწრაფად”. პრესცენტრი ევროპარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებულ საგარეო საქმეთა კომიტეტსაც ციტირებს: “საქართველოს საკითხი არ შეიძლება განიხილებოდეს თურქეთის, უკრაინისა თუ კოსოვოს საქმეებთან ერთად”.

“საქართველო ნათლად გამოხატავს თავის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს … ამ ხედვას სხვადასხვა ეროვნული პოლიტიკური პარტია იზიარებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მარტინ შულცმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ერთიანობაა და ბოლოდროინდელ ვიზიტებზე და შეხვედრებზე განხილვების შედეგად ევროპარლამენტი და მისი კომიტეტები შეეცდებიან დააჩქარონ ეს პროცესი, რათა პროცედურები სწრაფად დასრულდეს.

გიორგი მარგველაშვილმა, ევროპარლამენტის პრესცენტრის ცნობით, აცნობა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელი პროცესის შესახებ და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გამოგზავნონ ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისია. ევროპარლამენტარებმა კი გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო მოახერხებს და საარჩევნო კამპანია ძალადობის გარეშე ჩაივლის.

გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა  კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის  ურთიერთობების საკითხზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი