ივანიშვილი: გარანტად დავუდგები ხალვაშს და დვალს, რომ არ შეეხონ რუსთავი2-ის მენეჯმენტსა და გვარამიას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თუ სასამართლო დავა ქიბარ ხალვაშისა და დავით დვალის სასარგებლოდ დასრულდება, მზადაა ფინანსურ გარანტად დაუდგეს მათ, ოღონდ ნიკა გვარამიას და რუსთავის 2-ის მენეჯმენტს არ შეეხონ არჩევნების ჩატარებამდე.

“თუ გნებავთ, ვისარგებლებ დღევანდელი ეთერით და მე პირადად გარანტად დავუდგები – ხალვაში იქნებოდა თუ დვალი, თუ ორივე ერთად აღებული და თუ რამე ზარალს ნახავდნენ ფინანსურად, გარანტად დავუდგებოდი, ყველა ზარალს ავუნაზღაურებდი. თუ მოხდა და სასამართლო დასრულდა უფრო ადრე და დასრულდა მათ სასარგებლოდ, არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს. საფასურად ჩემგან მოითხოვონ რაც უნდათ, ოღონდაც სალაპარაკოდ თქვენ არ დაგიტოვონ. “რუსთავი 2″ დღეს ყველაზე კარგი ინსტუმენტია იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ მაქსიმალური შედეგი მიიღოს არჩევნებში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 7 ივნისს გამართულ პრეკონფერენციაზე.

ივანიშვილის თქმით, მისი სურვილია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “რუსთვი 2” იმ ფორმით აშუქებდეს როგორიც დღეს არის. მისი თქმით, არასასურველია, რომ “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი  შეიცვალოს.

ივანიშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2” უნდა დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და არ აპირებს სასამართლოს განხილვას.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი თანხვედრაშია იმ შეშფოთებებთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის ელჩმა გამოთქვა თავის წერილში.

“მინდა იან კელის წერილსაც გამოვეხმაურო. სხვათა შორის, გუშინაც ვაანალიზებდით. მე შეხვედრა მქონდა მასთან, ადრეც მქონია ამ თემებზე საუბარი ბატონ ელჩთან. ამ წერილში რასაც გამოვთქვამ შეშფოთებებს და მაშინაც თანხვედრაში ვიყავი ელჩთან და დღესაც თანხვედრაში ვარ მის პოზიციასთან. არჩევნების დაწყებამდე დარჩენილია 3-4 თვე. შეიძლება შეიცვალოს ტელევიიზის მენეჯმენტი დაწყებული გვარამიადან და მის ქვემოთ არ არის სასურველი, რამეთუ ამას ევროპასა და ამერიკაში ვერავინ სწორად ვერ გაიგებს. ამბოლუტურად ვეთანხმები და პარალელურად მინდა, რომ ელჩის წერილზეც გავაკეთო რეაქცია, რამეთი ბევრი გამონათქვამი არ მომეწონა ამ წერილთან მიმართებით, იწყებს გვარამიას კრიტიკით, რომ ასე არ უნდა იქცეოდეს, იმის შემდგომ იხსენებს საკუთარ ქვეყანას, ამერიკას, რომ იქ ეს რომ მოხდეს არჩევნების პროცესში, ქუჩები გაივსება ხალხით. აბსოლუტურად გულწრფელად საუბრობს და ერთსაც არაფერში არ თვალთმაქცობს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ამერიკა არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ეს კაცი აფასებს თავისი გადმოსახედიდან და საკუთარი ქვეყანა მოაქვს ანალიზისთვის. გუშინაც გვქონდა პოლემიკა და რაღაცებში არ ვეთანხმები. მისასალმებელიც არის და იკითხება მხოლოდ ერთი რამ – მას ძალიან სურს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს,” – ამბობს ივანიშვილი.

უცნობია, რომელ წერილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი. იან კელიმ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუკი საარჩევნო წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიცვლებოდა მედიის ხელმძღვანელობა, მაშინ ყველაფერს გააკეთებდა სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ხელისუფლების სამივე შტო, რომ ეს არ მომხდარიყო. ამ განცხადებაში იან კელი არ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას.

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ შეთავაზებაზე დვალის და ქიბარ ხალვაშის მიმართ, რომ არ შეიცვალოს მენეჯმენტი არჩევნებამდე, თუკი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, წილები ქიბარ ხალვაშს გადაეცეს რუსთავი 2-ში, ნიკა გვარამია კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, ეს შეთავაზება არასერიოზულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com