ახალი ამბები

პარტიების ერთნაირ პირობებში ჩააყენება თუ ერთ პიროვნებაზე აგებული პოლიტიკური გადაწყვეტილება

28 დეკემბერი, 2011 • • 1432
პარტიების ერთნაირ პირობებში ჩააყენება თუ ერთ პიროვნებაზე აგებული პოლიტიკური გადაწყვეტილება

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონი, რომელშიც გუშინდელ საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატ კობა ხაბაზის ინიციატივა აისახა. აღსანიშნავია, რომ წინა ორ რიგგარეშე სხდომაზე, საკომიტეტო განხილვებზე აღნიშნული საკითხი დაყენებული არ ყოფილა.

კანონის საბოლოო რედაქციაში გათვალისწინებულია დეპუტატ კობა ხაბაზის ინიციატივა, რომელიც გუშინ, 27 დეკემბერს, გახდა ცნობილი. ხაბაზის ინიციატივა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის უკუგების პრინციპს ეხებოდა.  მან განაცხადა, რომ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც იურიდიული პირებისაგან თანხა უკვე მიიღეს, რაც, მისივე თქმით, არჩევნებისთვის არის აკუმულირებული, ამ თანხის გამოყენების საშუალება არ უნდა მიეცეთ. ხაბაზმა  კოლეგებს იმ მექანიზმების შემუშავება შესთავაზა, რომლის საფუძველზეც რიგი პოლიტიკური პარტიების ანგარიშებზე გადარიცხული თანხა მათ მფლობელს უკან დაუბრუნდება.

დღეს დამტკიცებულ კანონში ეს ინიციატივა ასეა ფორმულირებული:

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26.1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფოს საკუთრებაში”.  

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის პალიკო კუბლაშვილის განცხადებით, აღნიშნული მუხლი არ არის უკუძალა და ის ერთნაირ პირობებში ჩააყენებს პარტიებს.   

“აქ არის საუბარი იმაზე, რომ კანონის ნორმათა შესაბამისობაში უნდა იყოს ყველა ის ხარჯი, რომელიც გაწეული იქნება კანონის ამოქმედების შემდეგ. მე მგონი აბსოლიტურად ნორმალური ჩანაწერია,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.

მან “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარ პირობებში ჩაყენების მოტივით ახსნა.

“რედაქციული ხასიათის დაზუსტებები შევიდა, რომელიც უკავშირდება კანონის მთავარ პრინციპს, რომელზეც პირველი ორი მოსმენის პერიოდში განვიხილავდით. ამ კანონით  უნდა შეიზღუდოს იმ პარტიებისა და იურიდიული სუბიექტების მოქმედების არეალი, ვისაც სურს კანონის გვერდის ავლა, არ დახარჯოს გამჭვირვალედ თავისი ფინანსები, ჰქონდეს ფინანსები, რომელიც აკრძალულია ჩვენი კანონმდებლობით. ასეთ პარტიებს ეს კანონი პრობლემებს შეუქმნის. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სამოქალაქო ინიციატივები და მათი ინიციატივები არ უკავშირდება კანონის დარღვევას, ბუნებრივია, ექნება საშუალება რომ სამართლიან გარემოში გააგრძელონ მუშაობა,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.

კანონში ახალი მუხლის ინიციატორი კობა ხაბაზი სამართლიანად მიიჩნევს აღნიშნული ინიციატივის კანონში ასახვას და აღნიშნავს, გარკვეულ პარტიებს უკვე მიღებული აქვთ
არჩევნებისთვის თანხები, ზოგიერთს კი ამავე გზით უკვე ეკრძალება ფინანსების მიღება. ეს რომ არ ყოფილიყო სადავო, ამისთვის კანონს დაემატა აღნიშნული ქვეპუნქტი, რაც ჩემი აზრით, სამართლიანია,” – განაცხადა ხაბაზმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია წინასაარჩევნოდ ყველა პოლიტიკური პარტია ერთნაირ სასტარტო პირობებში იყოს.

მმართველი პარტიისგან განსხვავებით საპარლამენტო ოპოზიციამ საკმაოდ უარყოფითად შეაფასა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები და მათი განცხადებით, ეს კანონი მკვეთრად შეზღუდავს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების საშუალებას ლეგალურ მოედანზე  ლეგალური გზებით მოღვაწეობის.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმების გამო წინააღმდეგ მისცა აღნიშნულ კანონს ხმა.  

“მე წინააღმდეგ მივეცი ამ კანონს, იმიტომ რომ აქ არის ბუნდოვანი ჩანაწერები. კანონში არის ჩანაწერები, რომლებიც შეზღუდავს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას და ეს პრობლემას შეუქმნის დემოკრატიულ პროცესებს და ამიტომ ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ ასეთი უარყოფითი პოზიცია დამეფიქსირებინა. მთლიანად ამ კანონს ამ მუხლების გათვალისწინებით, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ. მიუღებელია მსგავსი კანონის არსებობა,” – აღნიშნა ჩახვაძემ.  

ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” წევრი გიორგი ახვლედიანიც უარყოფითად აფასებს აღნისნულ ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ  “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობას დაამძიმებს.

“კანონში უკვე ბევრი ისეთი დეტალი და ნიუანსია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებების მდგომარეობას ფინანსური თვალსაზრისით, დაფინანსების პერსპექტივის კუთხით, აუარესებს. შესაბამისად, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის მდგომარეობის კიდევ უფო გაუარესება, კიდევ უფრო არაკონკუნტუნარიან გარემოში ჩაყენება,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხვლედიანმა და დასძინა, რომ პიროვნებაზე აგებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალზე დააზარალებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს.  

“ქართული დასის” ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღებისას არ გაითვალისწინა ის პრინციპული საკითხები, რასაც ოპოზიცია მისგან მოითხოვდა.

“საკომიტეტო მოსმენების, ასევე საპარლამენტო დებატების დროს, არანაირ დათმობაზე  სამწუხაროდ ხელისუფლება არ წამოსულა. მხოლოდ ხელზე დაიხვია, რომ თავის დამეგობრებულ პარტიებთან არის შეთანხმებული და ყველაფერი გააკეთა ისე, რომ რეალურად ოპოზიციას გადაუჭრა ყველა გზა და ყველა საშუალება ლეგალურ მოედანზე  ლეგალური გზებით ოპელირებდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. ახლა, ბოლო გადაწყვეტილება, რომ პარტიამ თითქოს მისთვის გადარიცხული ფული უკან უნდა დააბრუნოს, ეს აბსურდია, ეს არის კლანური გადაწყვეტილება, რაც ემსახურება იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებს არსებული, კანონიერი რესურსებიც კი წაართვან, თუ ის პირდაპირ არის დაკავშირებული იმ თანხებთან, რომელიც ივანიშვილის ალიანსში ფიქსირდება.  პირდაპირ ამ კაცის სახელის ჩაწერა მოერიდათ და ასეთი ფორმულირება  გააკეთეს კანონში,” – განაცხადა ბაღათურიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი