საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 8-10 ივნისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ასევე დაგეგმილია დავით უსუფაშვილის საჯარო გამოსვლა ჰაინრიხ ბიოლის ფონდში.
საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ნორბერტ ლამერტს შეხვდება, რის შემდეგაც დავით უსუფაშვილი და ნორბერტ ლამერტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
“ისე, როგორც ჭეშმარიტ მეგობრებს და პარტნიორებს შეეფერება, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთმანეთის. ამიტომ მე იქ მივდივარ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სათქმელი ჩავიტანო, საქართველოს რა და როგორ ჭირდება, არამედ კარგად მოვისმინოთ და გავიგოთ ჩვენი გერმანელი კოლეგების მოსაზრებებიც”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ვიზიტის დაწყებამდე ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქრისტოფ ჰოისგენთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, კარინ შტრენცთან და ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ ჰელმიხთან გამართავს. საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგის პლენარულ სესიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი შეხვედრებს საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირებთან გამართავს. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინტერვიუ გერმანული გაზეთის, „das Parlament”-ის ჟურნალისტთან.
დავით უსუფაშვილთან ერთად საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები – ზვიად კვაჭანტირაძე, თედო ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე შედიან.
შეგახსენებთ, რომ კვირას გერმანულმა გამოცემამ Die Welt-მა გამოაქვეყნა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გერმანია ეწინააღმდეგება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას და ამის მიზეზად ასახელებს საქართველოდან გერმანიაში ჩასულ კრიმინალურ ჯგუფებს, ასევე, საფრთხეს, რომ გაიზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა.
ქართული მხარე ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტას ელოდა მიმდინარე წლის ზაფხულში, თუმცა პროცესი შეფერხდა და რა ვადით, უცნობია.
“მე არ ველი, რომ ოქტომბრამდე გაგრძელდება ეს პროცესი [უვიზო რეჟიმის ამოქმედება], მაგრამ ამასობაში აბსოლუტურად დარწმუნებით და სრული კატეგორიულობით შემიძლია გითხრათ, რომ გარდა რამოდენიმე ინდივიდისა, რომელიც ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომ თითქოს ვინმე საქართველოს არჩევნებს ელოდება რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად, ეს არის სიცრუე. არც ერთი საკითხი, საქართველოში მიმდინარე არც ერთი თემა, არც პირველი არხის, არც იმედის, არც რუსთავი 2-ის, არც არჩევნების, არც რომელიმე პარტიის შექმნის, არც რომელიმე ბლოკის შექმნის და ა.შ. არ არის დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის პროცესთან. ჩვენ ყველა პარტნიორი გვეუნება იმას, რომ ის, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა, გაკეთდა, საქართველო ამისთვის არის მზად”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.