ახალი ამბები

პარტიების დაფინანსებაზე ცვლილებებს დღეს მეორედ დაამტკიცებენ

27 დეკემბერი, 2011 • • 1162
პარტიების დაფინანსებაზე ცვლილებებს დღეს მეორედ დაამტკიცებენ

პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების  შესახებ ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით დამტკიცებას გეგმავს. არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 26 დეკემბერს საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნეს ცვლილებების პროექტს. ისინი აცხადებენ, რომ ცვლილებები პარტიების საქმიანობასა და მასთან დაკავშირებულ პირებს  მკაცრ შეზღუდვებსა და მძიმე რეგულაციებს უყენებს.

ცვლილებების თანახმად,  ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაწესდება შეზღუდვები პარტიებთან ან პარტიულ საქმიანობასთან მათი კავშირების გამო, ხოლო დარღვევის შემთხვევაში გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც.

კერძოდ, პარლამენტში განსახილველი კანონპროექტების მიხედვით, ახლებურად ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლი – “ამომრჩევლის მოსყიდვა”.

  • თუ აღნიშნულ დანაშაულს ჩაიდენს იურიდიული პირი, მისი ლიკვიდაცია მოხდება. მაგალითად, ასეთი შედეგი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ბიზნესკომპანია ამომრჩეველს მცირე ღირებულების საკვებ პროდუქტს გადასცემს და სანაცვლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას სთხოვს;
  • პოლიტიკურ პარტისთან ერთად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ის ამომრჩეველი, რომელიც მისგან ფულს, მომსახურებას მოითხოვს, ან მიიღებს. მაგალითად, თუ ამომრჩეველს პარტია დაუფინანსებს გარკვეულ სამედიცინო მომსახურებას, შესაძლოა, ეს ამომრჩეველი დაისაჯოს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
  • სისხლისსამართლებრივი წესით დაისჯება ამომრჩევლის არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი მოსყიდვაც;
  • ის იურიდიული პირი (მაგალითად, არასმთავრობო ორგანიზაცია, ბიზნესკომპანია) რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის შემწეობით მოუწოდებს ამომრჩეველს, რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ, დაექვემდებრება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით  26 დეკემბერს სასტუმრო “მერიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

ვინ მოიაზრება პარტიებთან დაკავშირებულ პირებში?

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ცვილებების პროექტში
პარტიების დააფინანსება არის კანონმდებლობით მკაცრად დარეგულირებული და შეზღუდული საკითხი.

“პარტიებს არ შეუძლიათ თავისუფლად მიიღონ ნებისმიერი სახის დაფინანსება. ასეთივე მკაცრი შეზღუდვები დაუწესდებათ იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, რაშიც იგულისხმება მათი ხარჯების დაკავშირება პარტიის საქმიანობასთან. შეზღუდვები ექნებათ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც სხვაგვარად არიან პარტიის კონტროლის ქვეშ, ან გააჩნიათ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები, თუმცა, რა იგულისხმება ამაში, რთული და გაუგებარია.

შეზღუდვები დაუწესდებათ იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებენ ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის, ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების თაობაზე, რაც ასევე საკმაოდ ბუნდოვანია და რა იგულისხმება სხვა პირის მეშვეობით მოწოდებაში, გაუგებარია, რადგან შესაძლოა, ძალიან ბევრი ორგანიზცია სრულიად დაუსაბუთებლად აღმოჩნდეს ამ ჩანაწერის ქვეშ.

პარტიებისთვის არსებული შეზღუდვები დაუწესდებათ იმ პირებს–როგორც ფიზიკურს, ასევე იურიდიულს– რომელბსაც აქვთ განცხადებული პოლიტიკური  მიზნები და ამოცანები, ასევე მათ ოჯახის წევრებს და მათთან საქმიან ურთიერთობაში  მყოფ პირებს.

ეს ნიშნავს, რომ ძაალიან ფართო წრეს– იურიდიულ პირებს, მოქალაქეებს– დაუწესდებათ საკამოდ მკაცრი შეზღუდვები და, რაც მთავარია, მათ საქმიანობაზე ძალიან მკაცრი კონტროლი დაწესდება კონტროლის პალატის მხრიდან. მოხვდება თუ არა იურიდიული და ფიზიკური პირი ამ შეზღუდვების ქვეშ, ამას გადაწყვეტს კონტროლის პალატა და არა სასამართლო,” –  განაცხადა ჩუგოშვილმა.

არასამთავრობოები სამ ძირითად საფუძველზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც შეიძლება შემდგომ გახდეს შეზღუდვის საბაბი.

თუ ხარჯები არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ეს შეზღუდვის ერთი საფუძველია.

მეორე– თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი, ან ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირი აკეთებს საჯარო განცხადებებს და მოუწოდებს რომელიმე პარტიის მხარდაჭერისკენ.

და მესამე– თუ  პირი სხვა სახით იმყოფება პარტიის კონტროლქვეშ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს პროექტების დირექტორის ნინა ხატისკაცის განცხადებით, აუცილებელია რომ შეზღუდვები არსებობდეს პოლიტიკური პარტიებისთვის ხარჯვებთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე თქმით, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ზღუდავდეს გამოხატვის თავისუფლებას.

“ეს საკმაოდ არაადეკვატურია იმ ფონზე, როდესაც ზოგადად საჯარო მოხელეებს მსგავსი შეზღუდვები არ აქვთ. მაგალითად, გამგებელს შეუძლია შეუზღუდავად აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია ნებისმიერი სუბიექტის მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ. არ შეიძლება, რომ ვიღაცის მხრიდან აზრის დაფიქსირება გახდეს კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ მსაგვსი სანქციები არ უნდა იყოს ამომრჩევლებზე და ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ნებისმიერ სოფელში ამომრჩეველს ეცოდინება ამ რეგულაციების შესახებ,” – აღნიშნავს ხატისკაცი.

კერძო პირებისთვის დაწესებული სანქციების ფონზე “საერთაშორისო არჩევნებისა და დემოკრატიის სერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია არაადეკვატურად მიიჩნევს საჯარო მოხელის პოლიტიკურ საქმიანობაში შეუზღუდავად ჩარევას.

“წარმოდგენილი ცვლილებებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები დგება მხოლოდ კერძო პირებისა და პარტიების მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის. შესაბამისი სანქციები დაწესებული არაა საჯარო მოხელის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების თვალსაზრისით. სისხლის სამართლის ცვლილებებით ძალიან არათანაბარ მდგომარეობაში დგება, ერთი მხრივ, კერძო სექტორი, რომელიც პოლიტიკურ აქტივობას ეწევა და  მეორე მხრივ, საჯარო სექტორი, რომელშიც დასაქმებულ პირებს შეეძლებათ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების გარეშე შეასრულონ პოლიტიკური საქმიანობა,” – განაცხადა ლომჯარიამ.

აღნიშნულ ცვლილებების შეფასებისას საპარლმენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს გამჭვირვალეს გახდის.

“მთავარი მიზანი ამ დოკუმენტის არის გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია, თუ საიდან იღებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია დაფინანსებას. ასევე პროექტის მიზანია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს არ ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ თაღლითური გზებით, კანონმდებლობის დარღვევით მიიღონ დაფინანსება,” – განაცხადა მინაშვილმა.

რა მექანიზმები არსებობს, რომ არსებულ სიტუაციზე გავლენა მოვახდინოთ, სანამ საბოლოოდ, უკვე ხვალ, კანონპროექტი, სავარაუდოდ, ყოველგვარი შესწორებების გარეშე იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ- აღნიშნული შეკითხვით მიმართა არასამთავრობოების წარმომადგენლებს კოალიცია “არჩევანის თავისუფლების” წევრმა გოგი ხუციშვილმა.

არასამთავრობოები პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე იმედოვნებდნენ, რომ ეს ცვლილებები განიხილებოდა კომიტეტის სხდომაზე. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

მინაშვილის განცხადებით, 27 დეკემბერს, რიგგარეშე სესიის მეორე მოსმენამდე, გამართავენ სამუშო შეხვედრას.

პარლამენტში რიგგარეშე სესიის სხდომა 11 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი