ახალი ამბები

სასულიერო პირებმა და მოქალაქეებმა თბილისში როკ-ფესტივალი ჩაშალეს

4 ივნისი, 2016 • 2391
სასულიერო პირებმა და მოქალაქეებმა თბილისში როკ-ფესტივალი ჩაშალეს

საერთაშორისო როკ- ფესტივალი, რომელიც თბილისში დღეს დაიწყო, სასულიერო პირების და მოქალაქეების ნაწილის კონცერტზე მისვლის შემდეგ ჩაიშალა.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ვლად უნანიანციმ “ნეტგაზეთს” განუცხადა, კონცერტის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში იქ მოქალაქეების ჯგუფი მივიდა, რომლებსაც სასულიერო პირები მიუძღოდნენ.

“ისინი ორგიების მოწყობაში გვადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ამის უფლებას არ მოგცემენ. ამის შემდეგ შუქიც ჩაქრა”.

ფესტივალი ზაჰესში, საბაჟო ტერმინალში მიმდინარეობდა. უნანიანცი ამბობს, რომ ელექტრონერგია საბაჟო ტერმინალის ხელმძღვანელობამ ჩააქრო, რათა, მისი თქმით, თავიდან აერიდებინა ინციდენტი.

ფესტივალის ორგანიზატორი ამბობს, რომ პოლიციასაც გამოუძახეს, რომელმაც სასულიერო პირებს და მოქალაქეებს იმ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, სადაც უშუალოდ კონცერტი მიმდინარეობდა, თუმცა ის მაინც ჩაიშალა.

უნანიანცის განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ამჟამად ორგანიზატორები ბჭობენ ორდღიანი ფესტივალის ბედზე და ხვალინდელი კონცერტისთვის შესაფერის ადგილს ეძებენ.

საერთაშორისო როკ-ფესტივალში, Tbilisi JAM! Fest 2016,  მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მონაწილეობენ ქართველი ჯგუფებიც.

უნანიანცის ინფორმაციით, კონცერტს დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფესტივალის ჩაშლაზე წერენ მაყურებლებიც:


მასალების გადაბეჭდვის წესი