ახალი ამბები

აგვისტოს ომის დანაშაულები – რა ვიცით ICC-ის გამოძიების შესახებ

5 ივნისი, 2016 • 2732
აგვისტოს ომის დანაშაულები – რა ვიცით ICC-ის გამოძიების შესახებ

რა ეტაპზეა აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიება, თანამშრომლობს თუ არა რუსეთი ICC-ის პროკურორის ოფისთან, როგორია გამოძიების პროცედურა – ამ საკითხებზე ჟურნალისტებს თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრესსპიკერი ფადი ელ აბდალა ესაუბრა.

საქართველოში ICC-ის პრესსპიკერის ვიზიტის მიზანი მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო. განცხადებები  ICC-ის მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიასთან შეხვედრის შემდეგ, 3 ივნისს გაკეთდა.

ფადი ელ აბდალას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ICC-ის საქმიანობის შესახებ შესახებ საქართველოში უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რათა სასამართლოსთან დაკავშირებით არ იყოს “ფუჭი იმედები” და “არასწორი მოლოდინები”. 

როგორც ICC-ის სპიკერმა, ფადი ელ აბდალამ განაცხადა, არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება.

სპიკერმა ასევე აღნიშინა, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს რომელიმე ერთი მხარის წინააღდეგ.

“მოსამართლეებმა მისცეს პროკურორს უფლებამოსილება, ჩაეტარებინა გამოძიება იმ სავარაუდო დანაშაულებზე, რომლებიც სავარაუდოდ ჩაიდინეს საქართველოს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. პროკურორმა განმარტა, რომ გამოძიება არ მიმდინარებს რომელიმე ერთი მხარის წინააღმდეგ. გამოძიება ამაში შეზღუდული არ არის და საკითხი, თუ რა კონკრეტული საქმე ვის წინააღმდეგ იქნება აღძრული, დამოკიდებულია ხელმისაწვდომ მტკიცებულებებზე,”- განაცხადა ფადი ელ აბდალამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თანამშრომლობს თუ არა რუსეთი გამოძიებასთან, მან განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები:

“წინასწარი გამოძიების ფაზაში სისხლის სამართლის საერთაშიროსო სასამართლოს პროკურორმა მიიღო ინფორმაცია 2008 წლის კონფლიქტის სხვადასხვა მხარეებისგან. მას შემდეგ, რაც მიიღო უფლებამოსილება წინასასამართლო პალატისგან, პროკურორმა დაიწყო თანამშრომლობის მოთხოვნა. ამ საკითხზე დისკუსიები მიმდინარეობს სხვადასხვა მხარესთან, მაგრამ ამის შესახებ არანაირი საჯარო ინფორმაცია ამჟამად არ არსებობს,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება საკითხს, მხოლოდ საქართველო თანამშრომლობდა თუ არა პროკურორის ოფისთან წინასწარი მოკვლევის ეტაპზე, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობდა რუსეთიც:

“წინასწარი მოძიების ფაზაზე ჩვენ აგრეთვე მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების თანამშრომლობა. მათ ჩაატარეს პროკურორის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრები, გადასცეს ინფორმაცია,  რომელიც მხედველობაში იქნა მიღებული წინასწარი მოკვლევის ანალიზში,”- განაცხადა მან.

ნეტგაზეთი ასევე დაინტერესდა, შევიდნენ თუ არა გამომძიებლები სამხრეთ ოსეთში. პერსსპიკერის თქმით, ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის:

“რისი თქმაც ახლა შემიძლია, არის ის, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ გამოძიების ჩატარების ადგილმდებარეობა, ღონისძიებები ჯერჯერობით საჯარო არ არის და ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არსებობს გამოძიების ჩატარების სხვადასხვა ხერხი და მტკიცებულებების სხვადასხვა ტიპი.  მაგალითად, ზოგჯერ მნიშვნელოვანია, უშუალოდ ეწვიო კონფლიქტის ადგილს, ზოგჯერ კი გამოძიების ჩატარება უშუალოდ ადგილზე წასვლის გარეშეც შეიძლება. ხანდახან მნიშვნელოვანია მოწმეთა გამოკითხვა, ხანდახან კი – დოკუმენტური და აუდიოვიზუალურო მასალის შეგროვება,”- განაცხადა მან.

პრესსპიკერის თქმით, საკმარისი მტკიცებულებების მოძიების შემდეგ შეძლებენ ისაუბრონ საქმის შემდგომ  განვითარებებზე:

“ამ დროისთვის გამოძიება კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს საჯარო ინფორმაცია მიმდინარე ღონისძებებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ღონისძიებები არ მიმდინარეობს. პროკურორის ოფისი ეძებს მტკიცებულებებს და იმ შემთხვევაში, თუ ეს მტკიცებულებები საკმარისი იქნება, პროკურორის ოფისს შეუძლია დაკავების სასამართლომ უწყების გამოტანის მოთხოვნით მოსამართლეებს მიმართოს. ეს პროცესი შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ასევე კონფიდენციალური. გამოძიება არის ღია და არ არის მიმართული რომელიმე მხარის დანაშაულების გამოძიებაზე. ახლა ხორციელდება მტკიცებულებათა შეგროვება და მხოლოდ მაშინ, როცა იქნება საკმარისი მტკიცებულებები, შევძლებთ საუბარს შემდგომ  განვითარებებზე,”- აღნიშნა ფადი ალ აბდალამ.

პროკურორი გამოძიებას ატარებს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ჩადენილ დანაშაულებზე. ICC-ს გამოძიება არ არის სახელმწიფოს ან ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული. გამოძიებამ უნდა გამოავლინოს ის კონკრეტული პირები, რომელთაც ყველაზე მეტად ეკისრებათ პასუხისმგებლობა დანაშაულებზე. ესენია 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები ადამიანობის წინააღმდეგ, როგორიც არის მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა; ომის დანაშაულები, რაც მოიცავს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, წინასწარგანზრახულ მკვლელობას, სამშვიდობოებზე განზრახ თავდასხმას, ქონების განადგურებასა და ძარცვას.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით ICC-ის პროკურორმა საქართველოში  წინასწარი მოკვლევა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დანაშაულებათა გამოძიება ICC-ის იურისდიციის ფარგლებში გაგრძელდეს. ამის შემდეგ ICC-ის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის ოქტომბერში მიმართა წინასასამართლო პალატას გამოძიების გაგრძელების ნებართვით.  მან მიმართვაში ასევე განაცხადა, რომ  2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს შეეძლოთ სასამართლოსთვის 30 დღის ვადაში მიემართათ და წარედგინათ მოსაზრებები გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც ICC-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი, 2015 წლის 4 დეკემბრისთვის წინასასამართლო პალატას 6 335 დაზარალებულის წარმომადგენელმა ან თავად დაზარალებულმა მიმართა.

წარდგენილი მოთხოვნისა და დოკუმენტების საფუძველზე მოსამართლეებმა პროკურორს გამოძიების დაწყების ნებართვა 2016 წლის 27 იანვარს მისცეს.

წინასასამართლო პალატა, რომელმაც ეს ნებართვა გასცა, სამი მოსამართლისგან შედგება: მოსამართლე ჯოის ალოუჩი (თავმჯდომარე), მოსამართლე კუნო ტარფუსერი და მოსამართლე პეტერ კოვაჩი.

არსებობს სამი სხვადასხვა პროცედურა, როდესაც ICC-ის პროკურორს შეეძლება გამოძება დაიწყოს:

  •  როდესაც  რომის  წესდების  წევრი-სახელმწიფოები  პროკურორს  ატყობინებენ გარკვეული სიტუაციის შესახებ;
  •  როდესაც  გაეროს  უშიშროების  საბჭო  პროკურორი მიმართავს შუამდგომლობით გამოძიების დაწყების  შესახებ;
  •  პროკურორის ოფისს აგრეთვე აქვს უფლება  დაიწყოს  გამოძიება  საკუთარი ინიციატივით.

ICC-ის პრესსპიკერის განცხადებით, “ეს გამოძიება პროკურორმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო” და არა საქართველოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ის (ICC) რომის წესდების საფუძველზე მოქმედებს. რომის წესდება ძალაში  2002 წლის 1 ივლისს 60 სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების შემდეგ შევიდა. საქართველო წესდებას 2003 წელს მიუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან. რაც შეეხება რუსეთს, ის წევრი სახელმწიფო არ არის.

ICC პირველი, საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დაფუძნებული, საერთაშორისო სისხლის სამართლის მუდმივი სასამართლოა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე სერიოზულ დანაშაულებებში დამრღვევების დაუსჯელობასთან ბრძოლის მიზნით დაარსდა. სასამართლო ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში მდებარეობს.

რაც შეეხება იურისდიქციას,  ICC-ს იურისდიქციას ექვემდებარებიან 2002 წლის 1 ივლისის შემდეგ ჩადენილი, მთელი საერთაშორისო  საზოგადოების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად სერიოზული დანაშაულებები, უშუალოდ: გენოციდი, დანაშაულებები კაცობრიობის წინაშე და სამხედრო დანაშაულებები. აღსანიშნავია, რომ მოცემული საერთაშორისო დანაშაულებები ექვემდებარებიან სასამართლოს იურისდიქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩადენილია წევრი-სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან წევრი-სახელმწიფოს მოქალაქის მიერ.

რაც შეეხება გამოძიების საკითხს, სამართლო დაარსებულია, როგორც ეროვნული სისხლის სამართლებრივი მართალმსაჯულების სისტემების გაგრძელება, და არა მათ ნაცვლად. სასამართლო განიხილავს საქმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული სისხლის სამართლებრივი მართალმსაჯულობის სისტემები საქმის შესაბამის განხილვას არ ჩაატარებენ, ან როდესაც, მათი ინფორმაციით, ისინი ამ ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ რეალობაში მათ არ გააჩნიათ სურვილი ან უნარი ნამდვილი საგამომძიებლო ღონისძიებების ჩატარებისათვის.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში ICC-ისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა თანამდებობა უკავია პირს: სახელმწიფოს მეთაურის, მთავრობის ან პარლამენტის წევრის, არჩეული წარმომადგენლის ან თანამდებობის პირის ფუნქციების შესრულება არ გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ დევნას და პასუხისმგებლობას. ხელმძღვანელი ან სამხედრო ოფიცერი შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლად, თუკი დანაშაული ჩადენილია ფაქტობრივად მის განკარგულებაში მყოფი პიროვნების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი