ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი გერმანიის მიერ სომეხთა გენოციდზე რეზოლუციის მიღებით უკმაყოფილოა

3 ივნისი, 2016 • 1421
აზერბაიჯანი გერმანიის მიერ სომეხთა გენოციდზე რეზოლუციის მიღებით უკმაყოფილოა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის პარლამენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეზოლუციის მიღების საკითხს ეხმიანება და გერმანიას “ორმაგ სტანდარტებში” ადანაშაულებს.

“გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია “სომეხთა გენოციდის” შესახებ მიკერძოებული და არაობიექტეურია. ისტორიის ფალსიფიკაცია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია”, – წერია აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ჰიკმეტ გაჯიევის ოფიციალურ კომენტარში.

მისივე თქმით, ბუნდესტაგის გადაწყვეტილება არის ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითი, რადგან, მისი თქმით, გერმანია გულგრილობას გამოხატავს, როდესაც საქმე, მაგალითად, “აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხეთა აგრესიას შეეხება”.

2 ივნისს ბუნდესტაგმა, ხმათა უმრავლესობით, ოსმანურ იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, “თურქეთი არ აპირებს, გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებას დაეთანხმოს თემაზე, რომელზეც ისტორიკოსებიც ვერ თანხმდებიან. ჩვენ გამოვიძახეთ ელჩი გერმანიიდან კონსულტაციებისთვის”. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენა ექნება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. რეზულუცია სახელწოდებით “სომეხთა გენოციდისა და სხვა ქრისტიანული უმცირესობების ხსოვნის 101 წელი” ბუნდესტაგში საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. აღნიშნული რეზოლუცია სომეხთა გენოციდის აღიარებას ითვალისწინებს. ამჟამად სომეხთა გენოციდი 20-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი