ახალი ამბები

ბერძენიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში განათლების არც ერთმა მინისტრმა არ გაამართლა

3 ივნისი, 2016 • 1658
ბერძენიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში განათლების არც ერთმა მინისტრმა არ გაამართლა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუკი განათლების ახლად დანიშნული მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა “სკოლისკენ გაიხედავს”, პერსპექტივა ექნება. მისივე თქმით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არ გაამართლა არც ერთმა განათლების მინისტრმა.

ნეტგაზეთთან საუბრისას ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ “არ ვარგოდა” საბჭოთა კავშირის შემდგომი განათლების არც ერთი მინისტრი, იმიტომ, რომ არც ერთი მათგანის ყურადღება არ იყო მიმართული სკოლისკენ.

“მათ აინტერესებდათ მასწავლებელი, აინტერესებდათ მასწავებლის კვალიფიკაცია, მათ მიაჩნიათ, რომ ქართულის მასწავლებელმა პიაჟე უნდა იცოდეს,  მათ მიაჩნიათ, რომ ქართულის მასწავლებელმა ინგლისური უნდა იცოდეს. მოკლედ, მათ ყველაფერი ძალიან არასწორად მიაჩნიათ. საატესტაციო სისტემა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. განათლების სამინისტრო სკოლის და მასწავლებლის წინააღმდეგ მუშაობდა სიმანდვილეში. ახალი მინისტრი სკოლისკენ იქნება თუ არა, ჩვენ არ ვიცით. ვიცით, რომ ბანკში მუშაობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კარგად უნდა იცნობდეს ასევე ბანკში ნამუშევარი პრემიერ-მინისტრი. კარგია, რომ ენდობა, კარგია, რომ იცნობს, მაგრამ ექნება თუ არა სასკოლო მიმართულება გაძლიერებული ახალ მინისტრს, არ ვიცით,”- განუცხადა ბერძენიშვილმა ნეტგაზეთს.

რაც შეეხება თამარ სანიკიძეს, ბერძენიშვილის თქმით, სანიკიძის ლიბერალური ღირებულებები მისთვის მისაღები იყო.

“როგორც ადამიანი და როგორც მოაზროვნე, სწორი მიმართულებით იყო, მაგრამ პრობლემა მასთანაც იყო ის, რაც წინა მინისტრებთან – არ შემობრუნდა სამინისტრო სკოლისკენ. მე არ მჯერა, რომ შეიძლება საქართველოში სკოლის მდგომარეობა გაუმჯობესდეს იმით, რომ მასწავლებელი ჩააბარებს რომელიმე ტიპის გამოცდას, ეს ტყუილია. სულ სხვა მოთხოვნები არის მის მიმართ, მას ბავშვები უნდა უყვარდეს, გადმოცემის უნარი უნდა ჰქონდეს, მხოლოდ შემდეგ გვჭირდება, რომ ის მცოდნე იყოს და მხოლოდ იმის შემდეგ გვინდა, რომ თანამედროვე სისტემებს ფლობდეს,”- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 3 ივნისს განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას კანდიდატურა წარადგინა. პრემიერმა მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან დაითხოვა.

ალექსანდრე ჯეჯელავა მართვის აკადემიის მფლობელი და ხელმძღვანელია. მართვის აკადემია საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სერქტორის წარმომადგენლებს ტრენინგების კურსს სთავაზობს.  ჯეჯელავა აკადემიის ერთ-ერთი მთავარი  ტრენერია ზოგადი მენეჯმენტის, გაყიდვების მართვის, დროის მართვის და პროექტების მართვის მიმართულებით.

მართვის აკადემიამდე ის მუშაობდა საბანკო სექტორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი