ახალი ამბები

garbonline.tv: სატრანსპორტო ქაოსი სოხუმში

21 დეკემბერი, 2011 • 1414
garbonline.tv: სატრანსპორტო ქაოსი სოხუმში

სოხუმის მოსახლეობა შიდა საქალაქო ტრანსპორტში შექმნილი ქაოსის გამო შეწუხებულია. ტრანსპორტით გადაადგილება სოხუმელებისთვის არათუ ღამის, არამედ დღის საათებშიც გართულებულია.

“საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” გადაცემა “მრავალკუთხედის” კორესპონდენტის მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი ყვითელი ავტობუსები და ტროლეიბუსები შეიძინა, საქალაქო ტრანსპორტი სოხუმელებისთვის მაინც ხელმიუწვდომელია.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი ამბობს, რომ ქაოსი მძღოლების უდისციპლინობის გამოა შექმნილი:

“მძღოლები თვითნებურად ცვლიან მარშრუტებს, თუ დაინახეს დაგროვილი მგზავრები სხვა ხაზზე. ეს არ არის სწორი. გვქონდა სხვა მაგალითებიც, როდესაც მძღოლს, საერთოდ, შეეძლო ჩამოეხნა ტრაფარეტები, აეყვანა მგზავრები და რაიონში წასულიყო. მოქალაქეები კი ამ დროს ტრანსპორტს გაჩერებაზე ელოდებიან. ტროლეიბუსების სამმართველოშიც არ არის ყველაფერი რიგზე. ვთვლით, რომ ჩვენ მინიმალური პირობები შევქმენით ამ უწყების მუშაობისთვის. 25 ახალი ტროლეიბუსი შემოვიყვანეთ. ამგვარი რამ დიდი ხანია არ ყოფილა. წინააღმდეგი ვარ, რომ ტროლეიბუსები ადრიანად შედიოდნენ პარკში ზამთრის პერიოდშიც კი. მინიმუმ ღამის 11 საათამდე უნდა მოძრაობდნენ სოხუმში ტროლებუსები, ზაფხულის პერიოდში კი, უფრო გვიანობამდეც.”

სოხუმის სატრანსპორტო სამმართველოს უფროსის მოადგილე ლეონიდ შულუმბა აცხადებს, რომ შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობას კონტროლს სპეციალური კომისია უწევს, რომელიც შესაბამის დასკვნას უახლოეს დღეებში წარმოადგენს.

ვრცლად ამ თემაზე სიუჟეტი იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი