ახალი ამბები

ივანიშვილის გრანტი თბილისის პრესას

21 დეკემბერი, 2011 • 1088
ივანიშვილის გრანტი თბილისის პრესას

ბიძინა ივანიშვილს, ოფიციალური ინფორმაციით, თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციისთვის, რომელმაც თბილისში ბეჭდური მედიის გავრცელების პრობლემა უნდა მოაგვაროს, გრანტი ჯერ არ გადაურიცხავს. თუმცა ორგანიზაციამ ვაკანსიები უკვე გამოაცხადა.

“პრესის ასოციაციის” პროექტის, თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის დაფინანსების სურვილი ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც ბეჭდური მედიის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს თბილისის მერიის “1000 ჯიხურის” პროგრამის გამო პრობლემები შეექმნათ.

ორგანიზაციის ფულადი რესურსით დახმარების შესახებ ივანიშვილმა „პრესის ასოციაციის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიმდინარე წლის ორ დეკემბერს განაცხადა.

„პრესის ასოციაციის“ წევრთა თქმით, ივანიშვილისგან ფულადი გრანტი ორგანიზაციას ამ ეტაპზე არ მიუღია. როგორც თავადვე ამბობენ, არც თანხის ოდენობის შესახებ აქვთ ინფორმაცია.

ელისო ჩაფიძე, „პრესის ასოციაციის“ წევრი და გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან თანხის ოდენობაზე საუბარი არ ყოფილა.

„მან თქვა, რომ პირველი ერთი წლის განმავლობაში დაგვეხმარებოდა, რომ ავაწყოთ სისტემა, რომელიც შემდგომში მომგებიანი იქნება და დამოუკიდებლად შეძლებს არსებობას,“–ამბობს ჩაფიძე.

ორგანიზაციამ, როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, ვაკანსიები ივანიშვილის გრანტის გარეშე გამოაცხადა.

რვა ვაკანსიის შესახებ სხვადასხვა გაზეთში ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა. ცნობილია ანაზღაურების ოდენობაც. მაგალითად, აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი 1500 ლარით განისაზღვრა, რეგიონული განვითარების მენეჯერის– 1000 ლარით და ა.შ.

„პრესის ასოციაციის“ წარმომადგენლთა თქმით, თანამშრომელთა ხელფასებს იმ გრანტებიდან და გადარიცხვებიდან გასცემენ, რომელსაც „პრესის ასცოაციის” წარმომადგენლები თავადვე გაიღებენ.

„ამ ორგანიზაციის დახმარება ყველას შეუძლია, მათ შორის, გაზეთებსაც და კერძო პირებსაც. მე თვითონაც ჩემი ხელფასიდან ნაწილი გადავრიცხე ამ ორგანიზაციის ფონდში. პირველ ეტაპზე იმ მედიებმა დააფინანსეს, ვინც „პრესის ასოციაციაშია“ გაერთიანებული. თუ ივანიშვილს აქვს სურვილი, ივანიშვილი დაეხმარება ორგანიზაციას, “–ამბობს ლაშა ტუღუში, „პრესის ასოციაციის“ წევრი და გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი.

„პრესის ასოციაციის“ წევრები პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციაში ფულის ჩადებას ქველმოქმედებად მიიჩნევენ.

„პრობლემას იმ შემთხვევაში ვხედავ, როდესაც პოლიტიკოსი ყიდულობს მედიას, მაგრამ როდესაც საქველოქმედო ფონდი მხარს უჭერს და ეხმარება დანგრეულ სისტემას, რატომ არის პრობლემა? რადგან პოლიტიკოსია, მას არ აქვს უფლება, დაკავშირებული იყოს ქველმოქმედებასთან? ივანიშვილი ქველმოქმედებას დღესაც აგრძელებს”, –ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ლაშა ტუღუში.

ორგანიზაციამ ივანიშვილისგან რომ მიიღოს დაფინანსება, პრობლემას ვერც ელისო ჩაფიძე ხედავს. თუმცა დასძენს, რომ ივანიშვილის ამ ინიციატივამ პირველივე დღიდან გამოიწვია მითქმა–მოთქმა.

„ეს არის ჩვეულებრივი ფონდი. პირადად მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამ ასოციაცამ მიიღოს დაფინანსება. ჭორები ვრცელდება, რომ თურმე ივანიშვილი რაღაც ფულს გვაძლევს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაზეთისთვის და ჟურნალისტებისთვის არანაირი თანხის გადარიცხვაზე საუბარი არ არსებობს. საუბარია იმაზე, რომ მან გაკეთოს ეს პროექტი. როდესც მიხეილ სააკაშვილს, ანანიაშვილს და ნანა ალექსანდრიას ეხმარებოდა, გაზეთების გამავრცელებლებს რომ დაეხმაროს რა, პრობლემაა?“–ამბობს ჩაფიძე.

მისივე თქმით, ორგანიზაცია ყოველთვიურად გამოაქვეყნებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა თანხები მოძრაობს აღნიშნულ ფონდში.

„პრესის ასოციაციის“ წევრები ამბობენ, რომ ბეჭდური მედიის გავრცელების ტექნიკური უზრუნველყოფა ხარისხიანი მოძრავი ურიკებისა და სტენდების შექმნას გულისხმობს.

„მოძრავი ტექნიკის უზრუნველყოფის გარდა, ორგანიზაცია დაეხმარება პრესის გამავრცელებლებს,  ვინც ქუჩაში გამოყარეს და იყინებიან დღეს, თბილი ტანსაცმლით უზრუნველყონ. ჩვენ თავადაც დავეხმარებით, როგორც შეგვიძლია, ყველანაირად შევეცდებით, ნგრევას შენებით ვუპასუხოთ,“–ამბობს ლაშა ტუღუში.

გარდა ამისა, პრესის ასოციაციის წარმომადგენელთა თქმით, 1000– მდე ადამიანს პრესის გაყიდვის საშუალება და ადეკვატური ხელფასი ექნება.

„იმედია, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას არ მოიგონებს ხელისუფლება, რომ ესეც აკრძალოს,“–ამბობს ელისო ჩაფიძე.

ბეჭდური მედიის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს თბილისის მერიის “1000 ჯიხურის” პროგრამის გამო პრობლემები მიმდინარე თვის დასაწყისიდან შეექმნათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ორ დეკემბერს  “პრესის ასოციაციის” წარმომადგენლები ივანიშვილს მისივე ინიციატივით შეხვდნენ.

“ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა თავისი შეშფოთება იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც პრესის გავრცელებასთან არის დაკავშირებული და გამოხატა სურვილი და ინტერესი, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პრობლემის მოგვარებაში. ეს ინტერესი გამოიხატა და უახლოეს დღეებში კონკრეტულ საკითხებზე იქნება საუბარი და იქ შევძლებთ უფრო კონკრეტულად საუბარს”, – განაცხადა მაშინ “პრესის ასოციაციის” წარმომადგენელმა, ლაშა ტუღუშმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

როგორც მაშინ გაირკვა, ივანიშვილმა შესთავაზა “პრესის ასოციაციის” წარმომადგენლებს, რომ მოამზადონ კონკრეტული პროექტი, რომელიც მოემსახურება ამ პრობლების მოგვარებას და რომელსაც გრანტის ან კრედიტის ფარგლებში დააფინანსებს.

შეხვედრის დროს რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, მათ შორის ისიც, რომ თავად იავნიშვილს მიეღო აუქციონში მონაწილეობა არსებული პრესის გავრცელების კომპანიების სახელით, რაზეც აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები არ დათანხმდნენ.

საბოლოოდ “პრესის ასოციაცია” თბილისში პრესის გავრცელების ახალი ფორმებისა და სისტემების შექმნისა და განვითარებისთვის “თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” შექმნაზე შეჯერდა.

ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურს ივანიშვილის მიერ ორგანიზაციისთვის თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნეტგაზეთისთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია.

“თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია” ოფიციალურად მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაფუძნდა. ორგანიზაციის მმართველობით ორგანოდ ა(ა)იპ ,,საქართველოს პრესის ასოციაციის” გამგეობა, ხოლო ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად ალექსანდრე ჯიქიაა რეგისტრირებული.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე ჯიქიას საკონტაქტო მონაცემები და ორგანიზაციის მისამართი ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბარში “თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” წარმომადგენელმა არ გაამჟღავნა.

“სამწუხაროდ, ამ ინფორმაციას ვერ გავცემთ, დიდი ბოდიში,”–განაცხადა “თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” ოპერატორმა ნეტგაზეთთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი