კომპანიის საწესდებო კაპიტალი, რომელმაც ავსტრიულ Zechner & Zechner-ს გუდიაშვილის მოედნის პროექტი შეუკვეთა, 200 ლარია.
გუდიაშვილის ქუჩაზე მულტიფუნქციური პროექტის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. პროექტის კონკურსში ავსტრიული კომპანიის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია worldarchitecturenews.com გაავრცელა, რომელმაც “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ინფორმაცია Zechner & Zechner -ს პრესრელიზის მიხედვით მოამზადეს.
“გუდიაშვილის სკვერის ახალი ცხოვრება”, ასე იწყება პრესრელიზი, რომლის მიხედვითაც პროექტის შემკვეთი “ირაო მაგნატ გუდიაშვილია”.
“ირაო მაგნატ გუდიაშვილი” 2011 წელსაა დარეგისტრირებული და მას ორი მფლობელი ჰყავს, რომლებიც 50-50%–ს ფლობენ: გიორგი მაღრაძე და კომპანია “მაგნატ ინვესთმენთ IV ბი.ვი”. ორივე მეწილემ კომპანიის დირექტორად სლოვაკეთის მოქალაქე იგორ პაჩკა აირჩია. სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით, საწესდებო კაპიტალი 200 ლარია. საზოგადოების შექმნის ძირითადი მიზანია უძრავი ქონების განვითარება, თუმცა საზოგადოებას ენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
“ნეტგაზეთმა” ჯერჯერობით ვერ გაარკვია გიორგი მაღრაძის ვინაობა, რაც შეეხება “მაგნატ ინვესთმენთ IV ბი.ვი” -ს, 2007 წელს ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ასევე უძრავი ქონების სფეროში საქმიანობს და რომლის ნებადართული კაპიტალი 90 ათას ევროს შეადგენს.
“მაგნატ ინვესთმენტ ბი ვი”–ს სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება აქვთ მინიჭებული რამდენიმე ქართველ იურისტს, ასევე, იგორ პაჩკას და “ბი ჯი აი ლეგალის” პარტნიორს, ზაზა ბიბილაშვილს. ზაზა ბიბილაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ისინი მხოლოდ იურიდიულ მომსახურებას უწევდნენ და გუდიაშვილის მოედნის პროექტის შესახებ თავადაც სოციალური ქსელიდან შეიტყო.
გამოაცხადა თუ არა შპს “ირაო მაგნატ გუდიაშვილმა” პროექტზე კონკურსი თბილისის მერიისგან დამოუკიდებლად, “ნეტგაზეთმა” ამის გადამოწმება ვერ მოახერხა. მერიის პრესსამსახურმა 20 დეკემბერს “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ კონკურსი მერიას არ გამოუცხადებია და ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ.
გუდიაშვილის მოედნის პროექტის რამდენიმე ფოტომ, რომელიც worldarchitecturenews.com -მა გამოაქვეყნა, თბილისის ისტორიული იერსახის შეანარჩუნებით დაინტერესებული მოქალაქეების და სპეციალისტების აღშფოთება გამოიწვია. facebook -ზე შეიქმნა ჯგუფი “გუდიაშვილის მოედანი”, რომლის წევრებიც პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.

დღის ბოლოს თბილისის მერიის ვებგვერდზე მოკლე განცხადება გამოქვეყნდა:
“ჩვენი პრიორიტეტია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობებისა და ზოგადად ამ ურბანული ქსოვილის კულტურული მემკვიდრეობის სრულად შენარჩუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგეგმება შენობების კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიული ფასადების რესტავრაცია.
რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის საინვესტიციო გარემოს კვლევაზე გამოცხადებულ კონკურსს, ამის შესახებ ჩვენთვის სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი. აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს კერძო ინიციატივას და არანაირი შეხება არ აქვს თბილისის მერიასთან. როგორც ჩვენ განგვიმარტეს, კონკურსს აქვს მხოლოდ კონცეპტუალური და არა რაიმე არქიტექტურული დატვირთვა.
თბილისის მერიაში განაცხადი ამის შესახებ არ ყოფილა წარმოდგენილი და განხილული. რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის განვითარებას, თბილისის მერიაში არსებობს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი”.
თბილისის მერიის განცხადებაში არაა დაკონკრეტებული, ვინ განუმარტა კონკურსის დეტალები.




