ახალი ამბები

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საარჩევნო კოდექსზე

20 დეკემბერი, 2011 • 1399
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საარჩევნო კოდექსზე

ვენეციის კომისიამ საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების მიუხედავად, რჩება საკითხები, რომლებიც კვლავ უმისამართო და მოუგვარებელია. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაუთმოს დამატებითი ყურადღება შემდეგი საკითხების განხილვას:

  • საარჩევნო ოლქების ისეთი სახით ფორმირება, რომელიც ძირს უთხრის თანაბარ პირობებში ხმის მიცემის შესაძლებლობას;
  • დარჩენილია ხარვეზები პოლიტიკური პარტიების კამპანიის დაფინანსების რეგულირების საკითხში;
  • ხარვეზებია საარჩევნო საჩივრების მოგვარების პროცესში;
  • არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის შეზღუდვა, ზედმეტად ხანგრძლივი რეზიდენტობის მოთხოვნით.

ვენეციის კომისია ცესკოს აძლევს რეკომენდაციას, მოხერხდეს საოლქო უბნების იმგვარად ფორმირება, რომ არ დაირღვეს თანასწორობის პრინციპი სხვადასხვა ოლქს შორის და მოხდეს ხმის მიცემა თანაბარ პირობებში. საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობა და დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია არათანაბარია. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა მერყეობდა 6 000–დან 160 ათასამდე.

ვენეციის კომისია დასკვნაში რეკომენდიაციას იძლევა, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებს არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება შეეძლოთ.

“ვენეციის კომისია გირჩევთ, შეცვალოთ მე–3 მუხლი, რათა გამოირიცხოს არჩევნებში მხოლოდ იმ პირთა მონაწილეობა, რომლებსაც კრიმინალური დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასეთი დანაშაული (ანუ რაც აუკრძალავს პატიმარს არჩევნებში მონაწილეობას) კანონში უნდა განისაზღვროს, რათა მოხდეს შემდგომში ნებისმიერი ეჭვის თავიდან აცილება. დანარჩენ პირებს, ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებს, უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება. ეს არის მისასალმებელი ცვლილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შესაბამისად” – აღნიშნულია  ანგარიშში.

დასკვნაში ასევე ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვაზე, რაც წინა არჩევნებზე ნათლად გამოიკვეთა.

“ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებმა აჩვენა, რომ საქართველოში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს პრობლემა გამჭვირვალობის ნაკლებობასა და საარჩევნო კოდექსში სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ბუნდოვან კავშირებს უკავშირდება. ჩვენი რეკომენდაციაა, შესწორდეს და გადაიხედოს საარჩევნო კოდექსში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. GRECO-ს (სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) ანგარიშშიც ნათლად არის აღნიშნული ეს პრობლემა და იძლევა რეკომენდაციას, რათა აღიკვეთოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება,” – ნათქვამია დასკვნაში.

უცხოელი მოქალაქეებისთვის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შეზღუდვა ვენეციის კომისიის შეფასებით კვლავ რჩება ერთ–ერთ პრობლემურ საკითხად ქართული საარჩევნო კოდექსის პროექტში. კომისიის დასკვანში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეზღუდავა უცხოელი მოქალაქეებისთვის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესახებ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–10 და მე–11 მუხლებს(უფლებას გამოხატვის თავისუფლების შესახებ). ამიტომაც ვენეციის კომისია მოითხოვს, მსგავსი აკრძალვა ამოღებული იყოს საარჩევნო კოდექსიდან.

რაც შეეხება პარტიების ფინანსების მონიტორინგის საკითხს, ამასთან დაკავშირებით კომიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ნათლად განისაზღვროს როლი და პასუხისმგებლობები ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის, რომელიც დააკვირდება კამპანიის ფინანსების განკარგვას. ფინანსური მონიტორინგის ჯგუფს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ აიძულოს საარჩევნო კამპანიაში ჩართული პარტია, წარუდგინოს შესაბამისი ქვითრები, ინვოისები, საბანკო განცხადებები და  ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ფინანსური ანგარიშების სისრულესა და სიზუსტეს უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი