ახალი ამბები

ბუფეტებში დარღვევების გამო 15 ბაღი და 8 სკოლა დაააჯარიმეს

2 ივნისი, 2016 • 1269
ბუფეტებში დარღვევების გამო 15 ბაღი და 8 სკოლა დაააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  სასწავლო წლის დასრულების პარალელურად სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებში არსებული მდგომარეობა შეაჯამა. ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

“2016 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში   1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 – საბავშვო ბაღის და 507 – სკოლის ბუფეტში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლად გონივრული ვადა  მიეცათ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, სახელმწიფო კონტროლის გაზრდის პარალელურად,  ყოველწლიურად მცირდება დარღვევების რაოდენობა. 2014 წელს  კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 4 სკოლის ბუფეტს, 2015 წელს კი მსგავსი დარღვევა არც ერთ სკოლაში არ გამოვლენილა.

„დადებითი ტენდენცია ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებულობის გაზრდას უკავშირდება.  სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას; გაიცემა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებას და გამოსწორებას  ბიზნესოპერატორები მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე შეძლებენ. სააგენტოს სპეციალისტები სკოლებსა და ბაღებში არსებულ ვითარებას სასწავლო წლის დასაწყისშიც გადაამოწმებენ. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა მნიშვნელოვანია მოზარდი თაობის ჯანმრთელობისთვის“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებს 2013 წლიდან ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლი კერძო და საჯარო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით  მიმდინარეობს. 2015 წელს  განხორციელდა 2095 შემოწმება (დოკუმენტური შემოწმება, ინსპექტირება, მონიტორინგი, გადამოწმება)  საბავშვო ბაღების  კვების ბლოკებსა და 801 – სკოლების ბუფეტებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი