ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძის თქმით, 2013 წელს “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარი თქვა

2 ივნისი, 2016 • 1552
პაატა ბურჭულაძის თქმით, 2013 წელს “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარი თქვა

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” სახელით მისი კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა ამაზე უარი თვითონ განაცხადა, რადგან იმ პერიოდში პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საჭიროება ვერ დაინახა. ამ საკითხზე ბურჭულაძემ აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში 1 ივნისს ისაუბრა, სადაც ჟურნალისტმა შეკითხვა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობაზე დაუსვა:

“იყო მაგაზე საუბარი და მერე გადავწყვიტე, რომ არა. სხვათა შორის, ბატონ ბიძინასთან მქონდა საუბარი და ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ არ იყო პოლიტიკაში ჩემი მოსვლა საჭირო. უარი განვაცხადე მე, რადგან არ იყო მაშინ საჭიროება. რა საჭირო იყო, როდესაც მოვიდა ახალი ძალა, ახალი იმედი, ახალი ენერგია, რომელმაც დღეს, სამწუხაროდ, არ გაამართლა”, – განაცხადა ბურჭულაძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარტია დააფუძნა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების გეგმის შესახებ განაცხადა.

2013 წელს პაატა ბურჭულაძეს საპრეზიდენტო კანდიდატობას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან სთავაზობდნენ. ამის შესახებ მაშინ განცხადებებს “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია აკეთებდა. რაც შეეხება “ქართულ ოცნებასთან” მის კავშირს, ამ საკითხზე განცხადება გააკეთა ივანიშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა გია ხუხაშვილმა. პოლიტოლოგმა for.ge-სთვის 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ივანიშვილი-ბურჭულაძის ტანდემის ვარიანტი პრემიერისა და პრეზიდენტის რანგში საარჩევნო პროცესში [სავარაუდოდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ] ნამდვილად განიხილებოდა:

“ჯერ კიდევ საარჩევნო პროცესში გვქონდა ამაზე კონსულტაციები პაატა ბურჭულაძესთან, რომ ტანდემი შექმნილიყო – ბიძინა ივანიშვილი – პრემიერ-მინისტრად და პაატა ბურჭულაძე – საპრეზიდენტო კანდიდატად. მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ ამ საუბრების და ეს არც არის დასამალი. აჯობებდა თუ არა მარგველაშვილს, არა მგონია, დღევანდელი კონსტიტუციით, რასაც წარმოადგენს პრეზიდენტი, პაატა ბურჭულაძე მარგველაშვილზე უკეთესი კანდიდატი ყოფილიყო. თუმცა იმ პერიოდში ბურჭულაძეს შეეძლო, თავისი სინერგია მიეცა რეჟიმთან ბრძოლის პროცესისთვის”, – თქვა ხუხაშვილმა.

“პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია”, – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურის ცნობით, ეს განცხადება მათი პარტიის აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა ამა წლის 11 მაისს.

კობახიძე ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის ენმ-ის სატელიტობის “დასტურია ქალაქ ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ ერთობლივი კანდიდატის წარდგენა”.

 

საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენელი და ბურჭულაძის თანაგუნდელი გიორგი რუხაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს. მისი თქმით, ადამიანებისა და ორგანიზაციების ამგვარად დაყოფა და მათთვის რაღაცების დაბრალება სწორედ ის გზაა, რასაც კობახიძე დეკლარირების დონეზე აკრიტიკებს. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ “ქართული ოცნება” საკუთარ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირსა და იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში დახარჯავს დროს და არა დეზინფორმაციის გავრცელებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი