ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოზე კონსენსუსით ბოლომდე კმაყოფილი არავინ იქნება

1 ივნისი, 2016 • 1155
პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოზე კონსენსუსით ბოლომდე კმაყოფილი არავინ იქნება

“სავარაუდოდ, ბოლომდე კმაყოფილი არავინ იქნება, მაგრამ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ჩვენ შევძელით და მივედით კონსენსუსამდე. ეს კონსენსუსი არის ვენეციის კომისიის დასკვნის სულისკვეთებასა და ფარგლებში”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა აჭარის ტელევიზიის ეთერში.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ დაადო ვეტო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს და თავად რა მოლოდინი აქვს მის მიერ მომზადებული მოტივირებული შენიშვნების თაობაზე პარლამენტში:

“როდესაც  საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე კანონს იღებდნენ, მე თავიდანვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება. როდესაც მივიღეთ კანონი, იქ ნათლად გამოჩნდა, რომ მიღებული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს, უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს, არაფუნქციურად აქცევს. ჩვენ ჩავრთეთ როგორც არასამთავრობო ორგანიზციები, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოც, ჩავრთეთ ვენეციის კომისიაც და ის, რაც უნდა გაკეთებულიყო, უმოკლეს ვადაში, 7 დღეში, მოვახერხეთ, რომ ვენეციის კომისიისაგან მივიღეთ პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა ამ საკითხის ირგვლივ და წითელი ხაზები იყო სწორედ ვენეციის კომისიის პოზიციები. ჩვენ დავდეთ ეს დოკუმენტი და ვთქვით: აი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რა ჩარჩოებს ადგენს, მოდით, ამ ჩარჩოებს ნუ გადავალთ, ჩარჩოების შიგნით ვიპოვოთ კონსენსუსები. ასეთი კონსენსუსი შედგა, პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ და ის არის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება მუშაობა. შესაბამისად, მე მაქვს მოლოდინი, რომ ამ კონსენსუსიდან გამომდინარე ჩვენ შევძლებთ: საკონსტიტუციო დარჩება და გააგრძლებს ფუნქციონირებას როგორც ეფექტური კონსტიტუციური ინსტიტუტი”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ ვითარებაში კმაყოფილი არავინ იქნება:

“ალბათ სხვა პოზიცია აქვთ პოლიტიკოსებს, რაღაც პოზიცია შეიძლება არასამთავრობოებს ჰქონდეთ. სავარაუდოდ, ბოლომდე კმაყოფილი არავინ იქნება, მაგრამ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ჩვენ შევძელით და მივედით კონსენსუსამდე. ეს კონსენსუსი არის ვენეციის კომისიის დასკვნის სულისკვეთებასა და ფარგლებში და საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ისევე ფუნქციური, როგორც აქამდე იყო. ესაა ჩემი პოზიცია და მგონია, რომ ამ პოზიციას გაიზიარებს როგორც პარლამენტი ასევე სხვა პოლიტიკოსები თუ პოზიციის ჩამომყალიბებელი ადამიანები”, – თქვა მარგველაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პრეზიდენტის მიერ მომზადებულ მოტივირებულ შენიშვნების ნაწილს არ ეთანხმებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. როგორც ნეტგაზეთს საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ განუცხადა, პრეზიდენტმა გარკვეულ საკითხებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისწინა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 მაისს ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

ვენეციის კომისიამ ამ კანონზე წინასწარი დასკვნა 27 მაისს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში კრიტიკულად აფასებს კანონის იმ პუნქტებს, რომლებიც საქართველოში დებატების, არასამთავრობო სექტორის და ოპონენტი დეპუტატების კრიტიკის საგანი იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებს აკრიტიკებდნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან კანონს მხარი არ დაუჭირეს “რესპუბლიკელებმა”.

პარლამენტი  ამ კვირის ბოლოს გამართავს რიგგარეშე სხდომას, სადაც გადაწყდება, დაძლევს თუ არა საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი