საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის 11 რეკომენდაციებიდან პრაქტიკულად ყველა გაიზიარა:
“პრეზიდენტის გადასაწყვეტია, როგორ შენიშვნებს წარმოადგენს, ეს მისი უფლებამოსილებაა. შესაბამისად, ჩვენ იმაზე ვიმსჯელებთ, რაც არის წარმოდგენილი. შეიძლება პრეზიდენტის მიერ აბსოლუტურად სიტყვა-სიტყვით არ იყოს გაზიარებული ვენეციის კომისიის დასკვნა. თერთმეტი შენიშვნიდან პრაქტიკულად ყველა არის გაზიარებული და ერთი არის ნაწილობრივ გაზიარებული. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივი პროცესი. ვფიქრობ, ვენეციის კომისია ამ ცვლილებების მიმართ პოზიტიურად განწყობილი იქნება და დადებითად შეფასდება ჩვენი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის თანამშრომლობა,”- აღნიშნავს კობახიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 31 მაისს განაცხადა, რომ საკონსტიტიციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვეტოს, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაძლევს და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.
“თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თანმიმდევრული არ არის:
“უმრავლესობა არ აპირებს ვეტოს დაძლევას. ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ უმრავლესობას არ აქვს თანმიმდევრული პოზიცია და ყველა მათ გადაწყვეტილებაში ჩანს, რომ სტრატეგიულად არ არის დანახული ეს გადაწყვეტილებები,” – ამბობს ჩიქოვანი და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დეტალურად გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაიზიარებენ თუ არა ამ შენიშვნებს.
პრეზიდენტის ვარიანტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ რესპუბლიკელები. თამარ ხიდაშელის განცხადებით, არსებობს მხარდაჭერის ალბათობა, რადგან შემოთავაზებული ვარიანტი პარლამენტის მიერ მიღებულს სჯობს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ კანონი არსებითად არ უმჯობესდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პრეზიდენტის მიერ მომზადებულ მოტივირებულ შენიშვნების ნაწილს არ ეთანხმებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. როგორც ნეტგაზეთს საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ განუცხადა, პრეზიდენტმა გარკვეულ საკითხებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისწინა.