ახალი ამბები

ოქრუაშვილის ორი პარტია გაერთიანდა

18 დეკემბერი, 2011 • 2507
ოქრუაშვილის ორი პარტია გაერთიანდა

ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

“ქართული პარტიისა” და “მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის” კოალიციის თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, თანათავმჯდომარე კი – ეროსი კიწმარიშვილი.

სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” დღეს “მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის” და “ქართული პარტიის” გაერთიანებული სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა, რომელზეც “ქართული პარტიის” თავმჯდომარედ ოქრუაშვილი და თანათავმჯდომარედ კიწმარიშვილი აირჩეს.

პოლიტსაბჭოს წევრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: თეო ტლაშაძე, სოფო ხორგუანი, ირაკლი ოქრუაშვილი, ეროსი კიწმარიშვილი, ირაკლი დოლაბერიძე, კახაბერ ერგემლიძე, ლერი ლაფაჩი, ლევან ტერაშვილი და “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ყოფილი ლიდერი რამაზ იოსელიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 2012 წლის მაისის ბოლოს უნდა დაბრუნდეს:

“ყრილობაზე მსგავსი რამ არ გვითქვამს, იყო მხოლოდ სურვილი ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლისა. თუ მაისის ბოლოს ამ ხელისუფლების დემონტაჟი დასრულდება, ოქრუაშვილს
საქართველოში ჩამოსვლის პრობლემა მოეხსნება”, – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება მიმდინარე წლის მაისისთვისაც იყო დაანონსებული, თუმცა საბოლოოდ ეს პირობა ვერ იქნა შესრულებული.

“მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ირაკლი ოქრუაშვილმა 2007 წლის დეკემბერში, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დააფუძნა. პარტიის დამფუძნებელთა შორის იყვნენ პარლამენტის დეპუტატები – თეო ტლაშაძე, კოკა გუნცაძე, გია ცაგარეიშვილი, გია თორთლაძე, ჟურნალისტები – ნათია ლაზაშვილი, ნანა ლეჟავა, თამარ რუხაძე, ადვოკატი ეკა ბესელია და სხვები. 2008 წლის მარტში აღნიშნული მოძრაობა ბევრმა დამფუძნებელმა დატოვა.

ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკირი პარტია დააფუძნა– “ქართული პარტიის” დამფუძნებელი ყრილობა 2010 წლის 24 ნოემბერს გაიმართა. იმავე დღეს პარტიას სათავეში საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი  სოზარ სუბარი ჩაუდგა. სუბართან ერთად, პარტიის ლიდერები იყვნენ – ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, ეროსი კიწმარიშვილი. პარტია აღნიშნულ პირებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მათ შეუერთდა ბიზნესმენი კოტე გოგელია.

2011 წლის მაისის საპროტესტო აქციების დროს “ქართული პარტია”  გაჩეჩილაძემ და გუნცაძემ დატოვეს, ხოლო პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ პარტიას სოზარ სუბარი და კოტე გოგელიაც გაემიჯნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი