ახალი ამბები

სეზარია ევორა გარდაიცვალა

17 დეკემბერი, 2011 • • 2200
სეზარია ევორა გარდაიცვალა

საქვეყნოდ ცნობილი მომღერალი სეზარია ევორა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაახლოებით ერთი საათის წინ კაბო ვერდეში, მშობლიური ქალაქის, სან ვისენტეს ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვლა.  ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია კაბო ვერდეს კულტურის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

სეზარია ევორამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო კარიერა სამი თვის წინ შეწყვიტა და ამ ხნის განმავლობაში მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. სუნთქვის უკმარისობისა და ფილტვების შეშუპების დიაგნოზით საავადმყოფოში 16 დეკემბერს მოათავსეს, თუმცა თბილისის დროით 17 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, გარდაიცვალა.

მომღერალს, რომელსაც ”ფეხშიშველა დივა” უწოდეს, პირველი პრობლემები 2008 წელს შეექმნა, როცა ავსტრალიის ტურნეს დროს ინსულტი გადაიტანა, თუმცა სცენაზე მოღვაწეობას მაინც აგრძელებდა.

კარიერის მანძილზე მან 15 ალბომი გამოუშვა და 5 მილიონი დისკი გაყიდა. ”ფეხშიშველა დივა” კი მას იმიტომ უწოდეს, რომ სცენაზე ყოველთვის ფეხშიშველი გამოდიოდა. ამ გზით სეზარია ევორა ცდილობდა, მსოფლიოსთვის შეეხსენებინა, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანები ახლაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი