
სეზარია ევორამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო კარიერა სამი თვის წინ შეწყვიტა და ამ ხნის განმავლობაში მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. სუნთქვის უკმარისობისა და ფილტვების შეშუპების დიაგნოზით საავადმყოფოში 16 დეკემბერს მოათავსეს, თუმცა თბილისის დროით 17 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, გარდაიცვალა.
მომღერალს, რომელსაც ”ფეხშიშველა დივა” უწოდეს, პირველი პრობლემები 2008 წელს შეექმნა, როცა ავსტრალიის ტურნეს დროს ინსულტი გადაიტანა, თუმცა სცენაზე მოღვაწეობას მაინც აგრძელებდა.
კარიერის მანძილზე მან 15 ალბომი გამოუშვა და 5 მილიონი დისკი გაყიდა. ”ფეხშიშველა დივა” კი მას იმიტომ უწოდეს, რომ სცენაზე ყოველთვის ფეხშიშველი გამოდიოდა. ამ გზით სეზარია ევორა ცდილობდა, მსოფლიოსთვის შეეხსენებინა, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანები ახლაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ.
