ახალი ამბები

დეპუტატთა რაოდენობა კვლავ დავის საგანია

16 დეკემბერი, 2011 • • 1135
დეპუტატთა რაოდენობა კვლავ დავის საგანია
საარჩევნო კოდექსსა და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცალკეული ცვლილებები (დეპუტატთა რაოდენობა, პარტიათა დაფინანსება) დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის დებატების მთავარ მიზეზს წარმოადგენდა.

სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური გაერთიანებების კანონში და საარჩევნო კოდექსში არ შევა ცვლილებები, სანამ ვენეციის კომისიის პოზიცია და რეკომენდაცია არ გახდება ცნობილი.

“ამ თვალსაზრისით იგივე პოზიციაზე ვრჩები მეც და იმედია, თქვენც,  კოლეგებო.” 

საჯარო განხილვა, კონსულტაციები, შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან – ეს ის სიტყვებია, რაც ხშირად ისმოდა ბიუროს სხდომაზე კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ.

“ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატთა 83–მდე გაზრდის საკითხი კვლავ საჭიროებს კონსულტაციებს.   

“ყველას კარგად ახსოვს, რომ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა ერთგვარი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყო. თუმცა შემდგომ ვისგანაც მოდიოდა ინიციატივა, მისგან აღარანაირი რეაგირება აღარ ყოფილა. მაგრამ აუცილებელია, ალბათ, ყველა ის ღია საკითხი დაიხუროს, გარკვეულწილად კონსულტაციები შედგეს. გამომდინარე იქიდან, რომ წინა ვარიანტში მაჟორიტარების რაოდენობის  83–ით განსაზღვრაზე იყო საუბარი.
ჯერჯერობით,  ეს საკითხი კიდევ საჭიროებს კონსულტაციებს,” – აღნიშნავს მელიქიშვილი.

“ქართული დასის” ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კი აღნიშნულ ცვლილებებზე საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის ტელევიზიებიდან მეტი ყურადღების დათმობას მოითხოვს.   

“ჯობია, უფრო ინტენსიური განხილვები მოვაწყოთ და ისე არა, საღამოთი 4–5 საათებზე რომ იკრიბება კომიტეტი და მერე არც ერთ სატელევიზიო არხზე რომ არ შუქდება. იმიტომ, რომ “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, ასევე, რომ საზოგადოებაც იყოს ინფორმირებული, თუ რა ხდება.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ, გარდა იმისა, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს. მაგალითად, ვენეციის კომისიის ერთ–ერთი გამოკვეთილი რეკომენდაცია იყო ის, რომ მოქალაქეობის  არმქონე პირებს  მისცემოდათ  საშუალება, აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში და ეს არ არის კანონპროექტში ასახული. ასევე, არ არის ასახული მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ თანაბარი გარემო იქნას პარტიებისთვის შექმნილი, მათ შორის დაფინანსების თვალსაზრისით. პირიქით, კანონი კიდევ უფრო ართულებს ჩვენს მდგომარეობას, ლეგალური გზით ფინანსების მოპოვების თვალსაზრისით.  

დეპუტატთა რაოდენობასთან დაკავშირებით არავისთან შეთანხმება არ იყო. შეთანხმება იყო მხოლოდ რამდენიმე პარტიასთან, რომლებიც ახლაც გიჭერენ მხარს და შეიძლება, რომ ამ პარტიებს ეს აწყობდეთ, მაგრამ ეს არ არის ხალხთან შეთანხმებული. რეფერენდუმის შედეგები მხოლოდ რეფერენდუმმა უნდა გადახედოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ საკითხის განხილვაც არ შეიძლება, სამართლებრივად უკვე დანაშაულია ამ კანონპროექტის განხილვა, იმიტომ, რომ რეფერენდუმის შედეგების უგულვებელყოფა ხდება,” – განაცხადა ბიუროს სხდომაზე ბაღათურიამ.  

“ქრისტინ–დემოკრატების” წევრის, დეპუტატ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბაღათურიას და ხელისუფლების პოზიცია პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.  ვეფხვაძემ 83 მაჟორიტარის საკითხი ერთ–ერთ პრობლემურად მიიჩნია.  

“რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მე ყურში მომხვდა 83 მაჟორიტარი დეპუტატი. ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზეც დააფიქსირა ბატონმა პალიკომ. საუბარია 83 მაჟორიტარი დეპუტატის შენარჩუნებაზე და გამოდის, რომ პარტიული ნაწილი 67 წევრისგან შედგება.  მე არ ვიცი, თქვენ რა განზრახვა გაქვთ, ფაქტია, რომ ამ ბალანსზე საუბარი წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის,” – აღნიშნა ვეფხვაძემ.  

მელიქიშვილმა კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ  83 მაჟორიტარი, ეს არის ღიად დატოვებული საკითხი და ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მოლაპარაკებების წარმოება:

“ეს არის ვენეციის კომისიის ერთ–ერთი რეკომენდაცია. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა”, უკან არასოდეს ვიხევთ იმ გადაწყვეტილებიდან, რაც მოლაპარაკებებზე გადაწყდება. 150 დეპუტატთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა იყო 190–მდე გაზრდილიყო რაოდენობა და შემდეგ ბრალდების სახით შემოგვიტრიალეთ. აქედან გამომდინარე, დავჯდეთ, მოვილაპარაკოთ.”

დავით ბაქრაძის განცხადებით, შემდგომ რიგგარეშე სხდომებზეც გაგრძელდება მსჯელობა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. კარგი იქნება ძალიან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც არის, რომ წლის ბოლომდე, რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული აღნიშნული საარჩევნო კოდექსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი