ახალი ამბები

პრემიერი: ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია

31 მაისი, 2016 •
პრემიერი: ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელ მინისტრებთან თანამშრომლების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ჩაერთვებიან მინისტრები – თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთში, ბორდოში ოფიციალური  ვიზიტისას ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც პარტიებმა რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “რესპუბლიკური პარტია” და “ქართული ოცნება” ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად მიიღებენ. შესაბამისად, პრემიერის თქმით, საარჩევნო კამპანიაში მინისტრების აქტიური ჩართულობა მათი მხრიდან პოსტების დატოვებას მოითხოვს.

“ეს არის დამოკიდებული მათ გადაწყვეტილებაზე და ასევე იმაზე, თუ როდის ჩაერთვებიან ისინი აქტიურად უკვე წინასაარჩევნო კამპანიაში. ბუნებრივია, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობა მოითხოვს, სავარაუდოდ, მათი მხრიდან მინისტრის პოსტების დატოვებას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კონკრეტიკაში თითოეულ მინისტრთან მიმართებით გადაწყდება.  რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, იგი უნდა გაემგზავროს ვარშავის სამიტზე. მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდი ჩვენ ერთად გავიარეთ და მისი დასწრება ვარშავის სამიტზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ვნახოთ, ვისაუბრებთ და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი