2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული: 2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება ე.წ. მეორადი ჩარიცხვები. ეს ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა _ მეორადი ჩარიცხვების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ დარჩენილი ადგილები არ იძლეოდა ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალებას. ამასთან, მეორადი ჩარიცხვების პროცესი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა გრანტების განაწილების პროცესს, რაც პირველადი ჩარიცხვებით მოხვედრილთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა.
ეს ცვლილება მაქსიმალურად ზრდის აბიტურიენტის ჩარიცხვის ალბათობას, ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ კი ჩარიცხვებთან ერთად გახდება ცნობილი.
უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ მიუთითებენ პროფესიულ მიმართულებებს.
აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, პროფესიულ მიმართულებებს კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ.
ამ საკითხზე “ბათუმელების” კითხვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პასუხობს:

წინა წლებში აბიტურიენტს შეეძლო, ერთდროულად 7 არჩევენი გაეკეთებინა. იგულისხმებოდა როგორც აკადემიური, ისე უმაღლესი პროფესიული მიმართულებაც. ახლა აბიტურიენტებს ვუმარტივებთ საქმეს: აბიტურიენტი რეგსტრაციის გავლის დროს მხოლოდ აკადემიურ მიმართულებას მიუთითებს. თუ ის წარმატებით გაივლის ზოგადი უნარების ტესტირებას, გამოცდის შემდეგ მიაკითხავს კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს და კონკრეტულ პროფესიაზე გააკეთებს განაცხადს. მერე ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს კონკრეტული სასწავლებლები ჩარიცხავენ კონკრეტულ პროფესიებზე. შემდეგ კი ამ ინფორმაციას ყველა უმაღლესი სასწავლებელი მოგვაწვდის ჩვენ, გრანტი რომ გავანაწილოთ.
წინა წლებში ზოგადი უნარების შედეგების წინასწარ გამოცხადება არაფერს გვაძლევდა, _ აბიტურიენტები თავიდანვე გამოთქვამდნენ სურვილს როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად… გამოცდებს ვიწყებდით ან ზოგადი უნარებით, ან ქართული ენითა და ლიტერატურით. ზოგადი უნარების შედეგების სკანირება იწყებოდა მომენტალურად, მაგრამ რაღაც პერიოდში იმის გამო ვაჩერებდით, რომ სხვა გამოცდების მონაცემები მიგვეწოდებინა გამსწორებლებისთვის, რათა დაეწყოთ გასწორება. ახლა, როცა გარკვეული რაოდენობის აბიტურიენტების ბედი მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტებზე იქნება დამოკიდებული, ბუნებრივია, სხვაგვარად დავგეგმავთ გამოცხადებას. შეიძლება, პირველ რიგში, ზოგადი უნარების შედეგები გამოვაცხადოთ, რათა აბიტურიენტებს გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჰქონდეთ… ეს თუ გამოცხადდა აგვისტოს დასაწყისში, მთელი თვე ექნებათ იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, რომელ პროფესიულ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა.
მეორე მხრივ, აკადემიურ მიმართულებაზე ჩარიცხვის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ, _ არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ისეთი აბიტურიენტებიც გვყავს, რომელთაც სწავლის გაგრძელება უნდათ აკადემიურ მიმართულებაზე, ანუ პროფესიულ პროგრამაზე იმ შემთხვევაში გააგრძელებენ სწავლას, თუ მათ არ გაუმართლებთ და ვერ ჩაირიცხებიან. ასე რომ, ზოგიერთი აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვანია, მიიღოს შედეგები. კონკრეტულად ჩაირიცხა თუ არა მათთვის სასურველ ფაკულტეტზე და შემდეგ გადაწყვიტოს, პროფესიულ პროგრამაზე გააკეთოს განაცხადი თუ _ არა.
წელს რამდენი იქნება გამსვლელი ქულა გამოსაშვებ გამოცდებზე, ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. უახლოეს მომავალში ალბათ ესეც გამოცხადდება.







