საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავის N17 დაწესებულებაში მსჯავრდებულ გ. მ.-ს წამებაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ სცნო და 10-10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, პატიმრის წამების ფაქტი 2015 წლის 1 იანვარს მოხდა, შვიდივე ბრალდებული კი ამ დროისთვის უკვე მსჯავრდებული იყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მიდინარეობდა, რაც წამებას გულისხმობს.
“2015 წლის 1 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა: ბექა გელხაურმა, გიორგი გულაბერიძემ, ლაშა ტვილდიანმა, საბა ჯინჭარაძემ, ლევან ლიპარიძემ, ლევან შეყლაშვილმა და თენგიზ ესართიამ, ადმინისტრაციასთან შესაძლო თანამშრომლობის აღიარების და თანამშრომლობაში ჩართულ სხვა პირებზე ინფორმაციის მიღების მიზნით აწამეს ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული გ.მ, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს სხვადასხვა სახის ნაკვეთი ჭრილობები და თერმული დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად თავისი ინტენსივობით, ხასიათით და ხანგრძლივობით დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის თითოეულ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.