ივანიშვილი, ალასანია, რესპუბლიკელები საარჩევნო კოალიციას შექმნიან

დასრულდა მოლაპარაკებები სამი პოლიტიკური სუბიექტის კოალიციაზე, იუწყება ბიძინა ივანიშვილის პრესსამდვნო.

“ბიძინა ივანიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეთანხმდნენ, რომ სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნება მას შემდეგ, რაც  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი დასრულდება”, – იუწყება ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო.

პრესსამდივნოს ცნობით, საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები, სავარაუდოდ, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შექმნიან საარჩევნო ბლოკს. შესაბამისად, შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან.

ივანივილის პრესსამდივნოს მიერ 14 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით,  უკვე შედგა შეთანხმება კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურთან და ხალხის პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილთან, რომლებიც მათი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად პიროვნულად მიიღებენ მონაწილეობას კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის სტრუქტურების საქმიანობასა და მართვაში.

შგეახსენებთ, ბიძინა ივანიშვილს ამ დროისთვის არა აქვს პოლიტიკური გაერთიანების შექმნის უფლება, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამ საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი