აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე პროტოკოლი გაუგზავნა. ინფორმაციას სპუტნიკი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ბატალ ტაბაღუას კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ ორი კვირის განმავლობაში უნდა განიხილოს აღნიშნული საკითხი, რის შემდეგაც რეფერედუმი სამი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ხაჯიმბას შეუძლია რეფერენდუმის გარეშეც დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, ან პარლამენტს კანონის შეცვლის საკითხზე მიმართოს.
2016 წლის 2 მარტს საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ნაწილია გაერთიანებული, აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. აფხაზური კანონმდებლობით, საინციატივო ჯგუფს ორი თვის განმავლობაში მინიმუმ 10 ათასი ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა. ოფიციალური ინფორმაციით, 19 ათასი ხელმოწერა შეგროვდა.
აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების რეფერენდუმის გამართვის საკითხზე ოპოზიციურმა გაერთიანებამ ბრიფინგიც გამართა. მათი განცხადებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა აფხაზეთში პოლიტიკური და ეკონომიკური კრისიზით არის გამოწვეული.
რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთში პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.