ახალი ამბები

EMC-მ შსს-ს მიმართა, 2016 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების მიმართ პოლიციელთა ქმედება შეისწავლოს

30 მაისი, 2016 • 1573
EMC-მ შსს-ს მიმართა, 2016 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების მიმართ პოლიციელთა ქმედება შეისწავლოს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ  2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავებულების სახელით პოლიციელების არასათანადო ქცევის გამო შსს-ს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა.

EMC უთითებს, რომ დაკავების არამართლზომიერი გამოყენებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჰომოფობიური ენისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის შესახებ დაკავებულების მოთხრობილი ფაქტები შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უნდა შეისწავლოს და კონკრეტული პოლიციელების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას სთხოვს.

EMC აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ახსნა-განმარტებების შესაბამისად, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადმინისტრაციული წესით განხორციელებული დაკავებისას, ისევე როგორც პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას და თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანის დროს, დაირღვა პოლიციის ფუნქციონირების პროცესში დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპები. აღნიშნული დარღვევები მათ შორის გამოიხატა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებში:

  • ადმინისტრაციული წესით დაკავების მიმდინარეობისას დამკავებელ პოლიციის თანამშრომლებს ძირითადად სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. აღნიშნული გარემოების, ასევე პოლიციის ქცევისა და აქტივისტებთან მათი არასათანადო კომუნიკაციის გათვალისწინებით, დაკავებულმა პირებმა ვერ შეძლეს დამკავებელი პირების პოლიციის თანამშრომლებად იდენტიფიცირება. ცხადია, ეს გარემოებები თავის მხრივ მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დაკავებულთა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის უსაფუძვლობაზე;

  • პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულების მიმართ დაკავების აუცილებლობის პირობების არარსებობის მიუხედავად, არ გამოიყენეს ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები (გაფრთხილების მიცემა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და ა.შ) და პირდაპირ რეპრესიულ ინსტრუმენტებს მიმართეს;

  • პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულებს, მათი არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ განუმარტეს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის გათვალისწინებული უფლებები და არ მისცეს ადვოკატთან, ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;

  • პოლიციის განყოფილებასა და სასამართლოში გადაყვანისას დაკავებულების მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გამოვლინდა ჰომოფობიური ენის გამოყენებისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის უხეში ფაქტები. მათ შორის, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულ პირებთან კომუნიკაციის დროს გამოიყენეს შემდეგი ფრაზები: ,, შენ არ იცი შენნაირებს რას ვუშვები! [..]მრცხვენია, რომ მე ქალი ვარ და შენ კაცი!…[..] ამისნაირები [იგულისხმება ლგბტ თემის წევრები] უნდა ჩალპნენ და მოკვდნენ“. ასევე ფრაზები: „[..]ჯერ არის მისი რელიგია და პატრიარქი და მერე სამსახური და ყველაფერი სხვა.“

აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები პირდაპირ აიდენტიფიცირებენ იმ პოლიციელებს, რომლებმაც სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გააკეთეს, აცხადებს EMC.

EMC მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მკვეთრად ჰომოფობიური ენის გამოყენება საჯარო სამსახურში დისკრიმინაციის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას წარმოადგენს, რომელიც ცალკეული მოქალაქეების მარგინალიზებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკნინებას განაპირობებს. სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება ჰომოფობიის ინსტიტუციონალიზების პრობლემაზე მიანიშნებს, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ფაქტებზე სახელმწიფოს ეფექტური რეაგირებისა და კანონის დაცვის მოლოდინს სპობს. თავის მხრივ, განსახილველ საქმეში პოლიციის თანამშრომლების მიერ კანონისა და ეთიკის ნორმების უხეში უგულებელყოფა და ჰომოფობიური განცხადებები აქტივისტების დაკავებისა და სამართალდარღვევის შეფარდების პროცესში უკანონო და რეპრესიული მიდგომის სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზებს შეიძლება ხსნიდეს.

2016 წლის 17 მაისს 6-მა ლგბტ აქტივისტმა და ერთმა პირმა საპატრიარქოს ღობესა და მიმდენარე ტერიტორიაზე ლგბტ დროშა და 17 მაისის აღმნიშვნელი სტენსილები დახატეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი