ახალი ამბები

“ეთნიკური ქართველებისა და მართლმადიდებლებისთვის დაწერილი” სასკოლო სახელმძღვანელოები

30 მაისი, 2016 •
“ეთნიკური ქართველებისა და მართლმადიდებლებისთვის დაწერილი” სასკოლო სახელმძღვანელოები

ეთნოცენტრიზმი, მიკერძოებულობა, ქსენოფობია და ისტორიული პირების ქმედებების მიწერა მთელ ეთნოსზე ან რელიგიურ ჯგუფზე – ეს ის მახასიათებლებია, რა პრობლემებიც გამოიკვეთა სკოლის სახელმძღვანელოებში TDI-ის კვლევის მიხედვით.

კვლევაში – “რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში”– შეისწავლეს ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, სამოქალაქო განათლების მე-9-12 კლასების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. კვლევის ავტორები არიან ბექა მინდიაშვილი, გიორგი გახელაძე და ირაკლი თაბორიძე.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ბექა მინდიაშვილის თქმით, სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა განზოგადება და რელიგიისა და ეთნოსის გაიგივება, კონკრეტული ჯგუფებისთვის ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე ნაკლოვანების მიწერა.

მინდიაშვილის თქმით, ამის მაგალითია წინადადებები – “ირანელები ქართლში შეიჭრნენ”, “თურქები მთელს საქართველოს მოედნენ” , [საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, გამომცემლობა “კლიო”], “არაბებმა ქართლში ფეხი მტკიცედ მოიკიდეს” – [საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა].

მინდიაშვილი განმარტავს, რომ ასეთი მაგალითებით გადავსებულია ისტორიის სახელმძღვანელოები, მაშინ, როდესაც ქართლში შეიჭრნენ არა ირანელები, ან რომელიმე ეთნოსი ან რელიგიური ჯგუფი, არამედ კონკრეტული პიროვნება, კონკრეტული სახელმწიფოს ჯარი.

ასეთი მაგალითები კიდევ უფრო აძლიერებს კონკრეტული ჯგუფების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას, ამბობს მინდიაშვილი.

მინდიაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი წიგნის ერთ ფურცელზე 38-ჯერ არის ნახსენები მონღოლები/მონღოლეთი, 18-ჯერ – არაბები, მაშინ, როდესაც აქ საუბარია სახალიფოზე ან რომელიმე მონღოლურ სახელმწიფოზე, ხოლო რუსეთის შემთხვევაში არ არის მითითება იმაზე, რომ “მართლმადიდებლურმა ჯარმა” დაიპყრო საქართველო.

კიდევ ერთი პრობლემად მკვლევრები ასახელებენ იმ ფაქტს, რომ ძალადობა ხშირად არ არის კრიტიკულად განხილული ან გამართლებულია მაშინ, როდესაც ქართველები არიან მოძალადეები ან მართლმადიდებლები.

“მაშინ ერისთავმა მეფისგან მცირედ წარმართა მახვილი მათ ზედა და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი” [საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა].

კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელმძღვანელოებში ხშირად ხვდებათ მიკერძოებული და არანეიტრალური ენა. ისტორიის სახელმძღვანელოებში ასეთი ხდება მაშინ, როდესაც ავტორები ან რედაქცია ახდენენ ინდეტიფიცირებას ქართველებთან და “ჩვენ – ისინი” რიტორიკით არის აღწერილი ისტორიული ამბები.

“კაპადოკიიდან იყო წმინდა გიორგიც.., ჩვენი ერთერთი უდიდესი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპატივცემულო წმინდანი…” [საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა].

“როგორც წესი, საქართველოს ხელისუფალნი ორიენტაციას ბიზანტიაზე იღებდნენ, რადგან ბიზანტია, მართლმადიდებლური, ქრისტიანული ქვეყანა იყო… ბიზანტიის ადგილი რუსეთმა დაიკავა, რისი მთავარი იდეაც მაჰმადიანური გარემოცვისგან თავდაცვა, ქრისტიანობის შენარჩუნებით ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა იყო” [საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა].

მინდიაშვილი ამბობს, რომ თხრობის ამგვარი წესი ხელს უწყობს მუსლიმების მტრულად წარმოჩენას. მისი თქმით, ტექსტებში არის მცდარი ტერმინი “ქართული ეკლესია”, რომელმაც ქართველი ერის ჩამოყალიბებაში ითამაშა დიდი როლი. მინდიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მხოლოდ მე-10-12 საუკუნეებში იყო ერთი მართლმადიდებელი ეკლესია, სხვა პერიოდში გაყოფილი იყო ორად- დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე საქართველოში მოქმედებდა სომეხთა სამოციქულო ეკლესია, კათოლიკე ეკლესია, მუსლიმური თემი და მათაც აქვთ შეტანილი წვლილი საქართველოს ჩამოყალიბებაში.

კვლევაში ცალკეა განხილული ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნში განხილული მაგალითები, სადაც ასევე არანეიტრალური ენით ესაუბრებიან მოსწავლეებს წიგნის ავტორები. ასეთ მაგალითებად მოყვანილია სარედაქციო შეკითხვები მოსწავლეებისადმი.

“როგორ უპირისპირდება მისი [“ჯაყოს”], მხატვრული სახე უფლის მიერ შექმნილი ადამიანის ხატს?” [ქართული ენა და ლიტერატურა, მე-12 კლასი, მერიდიანი].

ეთნოცენტრიზმის მაგალითად მოყვანილია ამონარიდი ისტორიის სახელმძღვანელოს წინასიტყვაობიდან, რომ ქართველები მშვიდობანად თანაცხოვრობენ ყველასთან, ვინც საქართველოს “შემოკედლებია”.

“ქართველი ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრებდა სხვა ეთნოსების წარმომადგენლებთან – ებრაელებთან სომხებთან, ბერძნებთან, და სხვ. რომლებიც ისტორიული ქარტეხილების დროს საქართველოს შემოეკედლნენ და მისი ჭრისა თუ ლხინის თანაზიარნი გახდნენ”- [საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, გამომცემლობა “კლიო”].

“თანდათანობით ივრისა და ალაზნის ნაყოფიერი ველები გადამთიელებმა დაიკავეს. ეს დიდი უბედურება იყო ქვეყნისთვის… თურქმანები კახეთიდან გადაიხვეწნენ. ქვეყანა ერთაიანდ გაიწმინდა შემოსახლებული მომთაბარეებისგან” [საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა].

“ჯაყო საუბრისას ამახინჯებს ქართულ ენას, თქვენი აზრით, რაზე მოგვანიშნებს ამით ავტორი? საერთოდ, რამდენად შეიძლება ამ ფაქტის განზოგადება? სად არის ჯაყოს სამშობლო, ვინ არიან მისი ნათესავები? რატომ მოსდევს ამ ციტატას ფრაზა, როკის მთებიდან კიდევ ერთხელ ჩამოგორდნენ ჯაყოს ძმები და ბიძები… რა იგულისხმება ამ სიტყვებში?” [ქართული ენა და ლიტერატურა, მე-12 კლასი, გამომცემლობა მერიდიანი].

“კონკრეტული მიზანი აქვს ამ შეკითხვებს. მიუთითებს რეალობაზე, რომ ლიტერატურულ ტექსტში კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა საქართველოზე და ათვლის წერტილი არის რეალობა”, – განმარტავს ბექა მინდიაშვილი.

რაც შეეხება განსხვავებული იდენტობის მქონე პირებს, მათი კვალი დაფარულია, ვკითხულობთ კვლევაში. აღნიშნულია, რომ არ არიან ნახსენები საიათნოვა, ფარაჯანოვი, ძმები მხარგძელების წარმომავლობა არ არის ნახსენები, არ არის საუბარი სომხურ, ებრაულ არქიტექტურაზე საქართველოში.

კვლევაში საუბარია იმაზე, რომ წიგნებში ხვდებიან არამეცნიერულ მონათხრობს. ამის მაგალითად მოყვანილია ის, რომ ქართულ დამწერლობაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანობის შემოსვლამ, თუმცა არავინ იცის, რაზე დაყრდნობით წერენ ამას ავტორები, რადგან ქრისტიანობამდელი ქართული დამწერლობის ნიმუში ჯერჯერობით არავის უნახავს და, შესაბამისად, შედარება შეუძლებელია.

კვლევის ავტორები საუბრობენ, რომ საეკლესიო ცოდნა ხშირად ფაქტადაა წარმოჩენილი და  არაა გადმოცემული გაშუალებული ენით.

“[წმინდა ნინოს] ლოცვა-ვედრების შედეგად, სეტყვა და მეხი დაატყდა ამ კერპებს და დაამსხვრია ისინი” [საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა].

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, განათლების მკვლევარი, ილიას უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, გიორგი გახელაძე ამბობს, რომ 2011 წლამდე სახელმძღვანელოებში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო ამ კუთხით, რადგან 2011-16 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად დამტკიცებულ გრიფირების წესში აღარ არის ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც შეეხება თანასწორობის, ადამიანების უფლებების შემლახველი და დისკრიმაციული შინაარსებისა და მეთოდების გამოყენებას.

გახელაძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოების ნებისმიერი შემფასებელი ამ კრიტერიუმებს ითვალისწინებდა და იყენებდა, ახლა ეს კრიტერიუმებიც გამქრალია.

განათლების სამინისტროს გრიფირების სამმართველოს უფროსი ნანა კილასონია ამბობს, რომ სამინისტრო გამომცემლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გზით მუშაობს გრიფირების ახალი წესის დადგენაზე.

კილასონია ამბობს, რომ გრიფირების წესი ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ რამდენად არის სათუთი საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბისად გადმოცემული, ასევე ყურადღება მიექცევა იმას, თუ როგორ ჭრილშია ისტორიული პირები წარმოჩენილი.

კილასონია ამბობს, რომ 2016 წლის მაისში უკვე დამტკიცდა 1-6 კლასის ეროვნული სასწავლო გეგმები, რომლის დანერგვა იგეგმება და ამას მოჰყვება ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა 2017 წლის სექტემბრიდან.

ნანა კილასონიას ვარაუდით, პრობლემური ციტატები სახელმძღვანელოებში იმიტომაა შეტანილი, რომ მას წიგნის ავტორი ვერ შეცვლის, რადგან ეს ნაწარმოების ავტორის ექსკლუზივია.

“მე გეთანხმებით იმაში, რომ ეს ტექსტები საგულდაგულოდ უნდა იყოს შერჩეული იმისათვის, რათა ეროვნული მიზნები იყოს სათანადოდ დაცული”, – ამბობს კილასონია.

ასევე იგი ვარაუდობს, რომ დიდი ნაწილი რელიგიასთან დაკავშირებული ციტატებისა გარკვეულწილად მოტივირებული იყოს იმ როლის ხაზგასმისთვის, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებაშია აღნიშნული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, თუმცა “მეორე საკითხია, რამდენად იყო ეს სწორად ასახული.”

ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ სახელმძღვანელოებში არსებული პრობლემები მრავალშრიანია. მისი თქმით, მათ შესაძლოა განაპირობებდეს საპატრიარქოს უზარმაზარი გავლენა განათლების სისტემაზე, ასევე საბჭოთა ისტორიული სკოლა, რომლის წარმომადგენლები – როინ მეტრეველი, მარიამ ლორთქიფანიძე, გიორგი ოთხმეზური- წერენ დღეს ისტორიას ისე, როგორც წერდნენ საბჭოთა კავშირში, ოღონდ ცვლიან მის კლასობრივ კონტექსტს, ეთნიკური და რელიგიური კონტექსტით.

მინდიაშვილის რეკომენდაციაა, რომ თუკი ისწავლება პრობლემატური ტექსტები, იყოს ფუნქციურად მოყვანილი ეს ტექსტები, როგორც შეუწყნარებლობის ილუსტრაცია, ან საერთოდ ამოვიღოთ ასეთი ტიპის ტექსტები.

“მიზანი არის, რომ კონკრეტულად მივიდეს მოსწავლესთან, აღიქვან და წაიკითხონ- თუკი ამას კითხულობს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, სრულიად იხურება სახელმძღვანელოსთვის, თუ ამას უმრავლესობა კითხულობს და იჯერებს, შეუწყნარებელი ხდება უმცირესობის მიმართ. შედეგი სახელმძღვანელოების კვლევისა არის ის, რომ ეს სახელძღვანელოები დაწერილია ეთნიკური ქართველებისა და მართლმადიდებლებისთვის”, – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი