თვალთვაძე: თუ დიალოგის გზით სიტუაცია არ განიმუხტება, კანონის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, თუ სიტუაცია თსუ-ში დიალოგის გზით არ განიმუხტება, მაშინ უნივერსიტეტი იძულებული იქნება კანონით მინიჭებული ყველა ზომა გამოიყენოს.

დარეჯან თვალთვაძე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში სიტუაცია უნდა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის მიერ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახების დაკავება იყო არამართლზომიერი ქმედება.

“ეს ოთახი ეკუთვნის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც მოქმედი კანონით არის არჩეული, ლეგიტიმური ინსტიტუციაა. თვითმმართველობას კანონით და უნივერსიტეტის წესდებით გარკვეული ფუნქცია, ვალდებულება და პასუხისმგებლობა აკისრია”, – აცხადებს თვალთვაძე. 

დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, სიტუაციის განსამუხტავად უნივერსიტეტის ყველა რგოლი მუშაობს. 

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია ამ პროცესების მართვა, ჩვენ ვცდილობთ დიალოგის, მოლაპარაკების გზით განვმუხტოთ სიტუაცია. თუმცა, თუ ამან არ გაჭრა, უნივერსიტეტი იძულებული გახდება სამართლიანობის ფარგლებში, კანონის ფარგლებში ყველა ის საშუალება გამოიყენოს, რის უფლებასაც უნივერსიტეტს აძლევს კანონი და უნივერსიტეტის წესდება”, – აცხადებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com