ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართულმა მხარემ აფხაზურს ოთხოზორიას მკვლელობის საგამოძიებო მასალები გადასცა

27 მაისი, 2016 •
ქართულმა მხარემ აფხაზურს ოთხოზორიას მკვლელობის საგამოძიებო მასალები გადასცა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 36-ე შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას სააგენტო სპუტნიკი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა 19 მაისს საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი იყო.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარეს 19 მაისის ინციდენტის ვიდეოჩანაწერი და გამოძიების მასალები გადასცა.

აფხაზეთის საგარეო უწყების ცნობით, “საერთო ჯამში, შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მუშაობის შესახებ. შემდეგი შეხვედრა გალში 2016 წლის 6 ივლისს შედგება”.

აფხაზური მხარიდან დელეგაციას სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადიმერ არლანი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ გალის რაიონის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი თემურ შენგელია, გალის რაიონის შს განყოფილების ხელმძღვანელი გია ჩაჩხიანი და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის განყოფილების უფროსი, თენგიზ ტარბა.

ოფიციალური ინფორმაცია შეხვედრის შედეგების შესახებ ქართულ მხარეს ჯერ არ გაუვრცელებია.

ფოტო: sputnik-abkhazia

ფოტო: sputnik-abkhazia

გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კანჯიოღლის მიმართ მათაც დაიწყეს გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა). აფხაზეთის პროკურატურის ცნობით, ისინი თბილისიდან ელიან მტკიცებულებების წარმოდგენას, რომ მკვლელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმდენად, რამდენადაც დანაშაული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩადენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი