ახალი ამბები

სანიკიძე: განათლების სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდი გამოცხადდება

27 მაისი, 2016 •
სანიკიძე: განათლების სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდი გამოცხადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, სამინისტრო შეიმუშავებს კანონპროექტს, რომელიც თვითმმართველობების, რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არევნების საკითხებს შეეხება.

მინისტრის თქმით, კანონში ასევე აისახება ისიც, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გამოცხადდება გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სტუდენტური თვითმმართველობის იმ წევრებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ ან ახლა ეწურებათ, მოვალეობის შემსრულებლებად დარჩებიან.

დღეს, 27 მაისს, განათლების სამინისტროში სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა განაცხადა, რომ ისაუბრეს ფაკულტეტის საბჭოებზე სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევაზე. სამინისტროსთვის მისაღებია ის მოსაზრება, რომ კანონში ჩაიწეროს ზოგადი წესი, ხოლო არჩევის წესი დეტალურად გაიწეროს უნივერსიტეტის წესდებაში.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესზე. შეხვედრისას განიხილეს რამდენიმე წესი, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

მინისტრის თქმით, კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმება შემდეგი დისკუსიის საგანი უნდა გახდეს. სწორედ ამიტომ გამოცხადდება გარდამავალი პერიოდი.

სამინისტრო ასევე აპირებს, რომ შექმნას პლატფორმა, რომელშიც უნივერსიტეტების ადმინისტრაციებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები, სამინისტრო და მისი მიერ მოწვეული დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან.

“რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ვერ გადავწყვიტეთ, გვინდა, რომ გადავწყვიტოთ ჩართულობით, პლატფორმის რეჟიმში,”- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, პლატფორმა მაშინ შეიქმნება, როდესაც მისი მონაწილეების ნუსხას დაინეტერსებული მხარეები მიაწვდიან.

მინისტრის დაპირებით სამშაბათს, 31 მაისს კანონპროექტი დაინტერესებულ მხარეებს გაეგზავნებათ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბევრი შენიშვნა არ იქნება, შემდეგი კვირის ბოლოს დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა შემადგენლობას წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი