ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი ოთხოზორიას მკვლელობაზე მორიგ განცხადებას აკეთებს

27 მაისი, 2016 •
რუსეთი ოთხოზორიას მკვლელობაზე მორიგ განცხადებას აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 მაისს სოფელ ხურჩაში აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ მორიგ კომენტარს აკეთებს.

“რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუსხისმგებლობის ზონის ფარგლებში მოხდა. რუსეთის მხარეს ირიბი შეხებაც კი არ ჰქონია ამ ინციდენტთან”, – განაცხადა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დასმულ ჟურნალისტის კითხვაზე მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა 26 მაისის ბრიფინგის დროს.

19 მაისის მკვლელობის ფაქტზე რუსეთის საგარეო უწყებამ უფრო ვრცელი ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღის წინაც გამოაქვეყნა, სადაც ასევე უარყო ამ ინციდენტთან რაიმე კავშირი.

19 მაისის მკვლელობის ფაქტზე დღეს, 27 მაისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] პირველ განახლებულ შეხვედრაზეც ისაუბრებენ.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კანჯიოღლის მიმართ მათაც დაიწყეს გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა). აფხაზეთის პროკურატურის ცნობით, ისინი თბილისიდან ელიან მტკიცებულებების წარმოდგენას, რომ მკვლელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმდენად, რამდენადაც დანაშაული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩადენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი