ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოლიდარობა სომხეთიდან საქართველოში დაზარალებულ ლგბტ აქტივისტებს

27 მაისი, 2016 •
სოლიდარობა სომხეთიდან საქართველოში დაზარალებულ ლგბტ აქტივისტებს

სომხეთში არსებული ორგანიზაცია PINK Armenia სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ლგბტ თემს და მის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს:

“დღეს საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, ხოლო ლგბტ თემი საქართველოში განიცდის ძალადობის ახალ ტალღას.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა დაეცვა ლგბტ აქტივისტების გამოხატვის თავისუფლება 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად (IDAHOT), 10-მდე ლგბტ აქტივისტი შეეცადა ქალაქის, მათ შორის საპატრიარქოს შენობის კედლები გრაფიტით მოეხატათ.

აქტივისტები ცდილობდნენ აღენიშნათ IDAHOT 2016 და გაეხსენებინათ 2013 წელს თბილისის ცენტრში,  ჰომოფობიის საწინააღმდეგო ღონისძიებაზე მღვდლების წინამძღოლობით ორგანიზებული თავდასხმის მსხვერპლნი. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელებმა ლგბტ აქტივისტები დააკავეს, მანქანებში ძალით ჩასვეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. იმავე დღეს 10-იდან 2 აქტივისტი გაათავისუფლეს. 25 მაისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი გათავისუფლდა სიტყვიერი გაფრთხილებით. დანარჩენი აქტივისტების საქმე ჯერ კიდევ განიხილება სასამართლოს მიერ, მათ ბრალად ედებათ ქალაქის იერსახის დამახინჯება და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა.

იმავე პერიოდში თბილისში „მსოფლიო ოჯახთა კონგრესი“ ჩატარდა – რომელიც არის მემარჯვენე ქრისტიანთა და ლგბტ აქტივისტების საწინააღმდეგო ორგანიზაციების საერთაშორისო კონფერენცია.

21 მაისს თბილისის ცენტრში ულტრანაცონალური კონსერვატიული ჯგუფის წევრი თავს დაესხა 3 ლგბტ აქტივისტს, მათ შორის ლგბტ საქართველოს გამგეობის თავმჯდომარეს, ბექა გაბადაძესა და ლგბტი ორგანიზაციის, “თემიდას” დამფუძნებელ წევრ კობა ბიწაძეს.

მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეეცადა გამვლელების მხრიდან მიეღო მხარდაჭერა და წაექეზებინა ძალადობა, ბოლოს კი აქტივისტებს იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

პოლიცია მალევე მივიდა ადგილზე და თავდამსხმელი და აქტივისტები განყოფილებაში განმარტებების მისაცემად გადაიყვანა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონმდებლობით დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ისჯება,  ჩადენილი ქმედებისათვის თავდამსხმელი მხოლოდ 100 ლარით დაჯარიმდა. თავის საქციელის გასამართლებლად იგი იყენებდა რელიგიურ ფრაზებსა და  მოტივებს.

იმავე დღეს თბილისში  2 მამაკაცს თავს დაესხნენ, რადგან იეჭვეს, რომ გეები არიან. სამმა თავდამსხმელმა სცემა და დანით რანდენიმე ჭრილობა მიაყენა დაზარალებულებს, რომლებიც შემდგომ სერიოზული ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფინქ არმენია (PINK Armenia) სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ლგბტ თემს და სასტიკად გმობს ყველანაირ ძალადობას ლგბტ თემის წევრების და აქტივისტების მიმართ.

აგრეთვე გვინდა ჩვენი მხარდაჯერა გამოვუცხადოთ სამოქალაქო საზოგადოების იმ მშვიდობიან ჯგუფებს, რომლებიც იბრძვიან თანასწორობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს ლგბტ ადამინებმა უნდა იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში, ძალადობისა და სირცხვილის გარეშე. საქართველოს ყოველ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრება უნდა ჰქონდეს.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”- ნათქვამია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი