ახალი ამბები

პუტინი რუსეთის მთავრობის რეორგანიზაციას აპირებს

6 დეკემბერი, 2011 • • 1136
პუტინი რუსეთის მთავრობის რეორგანიზაციას აპირებს
რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ არსებულ დაპირისპირებასა და პროტესტს და აღნიშნა, რომ მომავალ წელს მთავრობის რეორგანიზაციას განახორციელებს.

“მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ მოხდება მთავრობის წევრთა ჩანაცვლება და განახლება. მთავრობამ უნდა გააკეთოს მეტი და პატივი სცეს რუსი ხალხის მოთხოვნას მოდერნიზაციასთან დაკავშირებით,” – განუცხადა პუტინმა პარტია “ერთიანი რუსეთის” წევრებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “როიტერი’ ავრცელებს.  

ორშაბათიდან რუსეთში არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი პუტინის მმართველობის დასრულებას ითხოვენ. მომიტინგეები დღეს საღამოსაც გეგმავენ მასობრივი მსვლელობის მოწყობას მოსკოვში, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებისა და პოლიციელთა დიდი რაოდენობით კონცენტრირების მიუხედავად.   

ვლადიმერ პუტინის პრესსამასახურის განცხადებით, არასანქცირებული მიტინგი აღკვეთილი იქნება.  

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს აშშ–ს  სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც გამოეხმაურა და მას „უსამართლო“ უწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა  ვილნიუსში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა.

“რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები არც თავისუფალია და არც სამართლიანია, ის ძირს უთხრის ხალხის ნდობას . . . რუსეთის ამომრჩეველი იმსახურებს, ჩატარდეს სრული გამოძიება საარჩევნო გაყალბებისა და მანიპულირების შესახებ და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება მიიღებს ზომებს აღნიშნული საკითხის გამოსაძიებლად,” – განაცხადა კლინტონმა.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 4 დეკემბერს ჩატარდა. მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთი” პირველ ადგილზე გავიდა ხმათა 49,67 პროცენტით. წინა წლებთან შედარებით პარტიას მნიშვნელოვნად მოაკლდა ამომრჩევლის მხარდაჭერა. 4 წლის წინ “ერთიან რუსეთს” 64–მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი