ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: სანდო, მაგრამ ერთი წყაროსგან მაქვს ინფორმაცია ოთხოზორიას მკვლელის დაკავებაზე

25 მაისი, 2016 •
ზაქარეიშვილი: სანდო, მაგრამ ერთი წყაროსგან მაქვს ინფორმაცია ოთხოზორიას მკვლელის დაკავებაზე

შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სანდო წყაროსგან ფლობს ინფორმაციას გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის აფხაზეთში დაკავების თაობაზე, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ ეს არ შეიძლება იყოს 100%–ით ზუსტი ინფორმაცია:

“მე შემიძლია ვთქვა, რომ მე მაქვს ნაწილობრივ ინფორმაცია, რომ ის დაკავებულია და წაყენებული აქვს ბრალი, მაგრამ რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, მე არა მაქვს 100%–იანი გარანტია იმიტომ, რომ საჭიროა სხვა წყაროებიდანაც დადასტურება და მე მხოლოდ ერთი წყაროდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა სანდო, მაგრამ მაინც მხოლოდ ერთი წყაროა”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კანჯიოღლის მიმართ მათაც დაიწყეს გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა). აფხაზეთის პროკურატურის ცნობით, ისინი თბილისიდან ელიან მტკიცებულებების წარმოდგენას, რომ მკვლელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმდენად, რამდენადაც დანაშაული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩადენილი.

გიგა ოთხოზორიას 26 მაისს ზუგდიდში დაკრძალავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი