ახალი ამბები

მინაშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ

5 დეკემბერი, 2011 • • 1219
მინაშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალ საარჩევნო კოდექსში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცხადებით, საარჩევნო კანონპროექტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი რეკომენდაცია დადებითია და  ხაზგასმულია, რომ ინიცირებული პროექტი არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების საშუალებას იძლევა, მედიის ხელმისწვდომობა ფართოა, ძალიან კარგად მუშაობს ცესკო, ეფექტურია მისი საქმიანობისა და თავმჯდომარის არჩევის წესი.

“თუმცა არის რეკომენდაციები, რომლებიც კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობას გულისხმობს. ამ რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული იქნება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვეცოდინება, თუ რა ცვლილებები შევა დოკუმენტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან. ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან ის პარასკევს გამოქვეყნდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული იქნება”,—აღნიშნა მინაშვილმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის ჩართვა და მონაწილეობა; ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლება (თავი V); ქვეყანაში ცხოვრების ხანგრძლივი ვადის მოთხოვნის გამო არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა; ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ქალებს არჩევნებში მონაწილეობას გაუადვილებს (თავი VI); საარჩევნო სიების შესაბამის ტერიტორიებში ეროვნული უმცირესობების ენაზე წარმოება; ადმინისტრაციული რესურსების არათანაბარი გამოყენება, ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიების დაფინანსების არასაკმარისი რეგულირება, – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც რეკომენდაციები ვენეციის კომისიამ ანგარიშში გამოაქვეყნა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა 17-18 დეკემბერს გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი